ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ჯერ 1500, შემდეგ კი 3000 ლარით დააჯარიმა საკუთარი ოფისის აივანზე განთავსებული საპროტესტო ბანერის გამო. მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაჭერზე გაკეთებული წარწერა „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“ არასათანადო რეკლამად შეაფასა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„არასათანადო რეკლამა განათავსა თავის ტერიტორიაზე, რომელიც აქვს დაქირავებული. რას ჰქვია, რისი რეკლამა? სამაგისო დავა თუ გვექნება სასამართლოში, განვმარტავთ იქ“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა ორი დღის წინ, ორგანიზაციის 1500 ლარით დაჯარიმების შემდეგ.
„სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე ამბობს, რომ დღეს ტელეფონით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ დამატებით 3000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.
„არაფრის გადახდას არ ვაპირებთ და ოქმებს, მათი ჩაბარების შემდეგ, სასამართლოში გავასაჩივრებთ. ამ ყველაფერს ვუკავშირებთ იმას, რომ არჩევნებზე წარმოვადგენდით სადამკვირვებლო კოალიციას „ჩემი ხმა“, რომელმაც საკმაოდ მძიმე დარღვევები გამოავლინა. ჩვენი აქტიურობა არ მოსწონთ. გარდა ამისა, ჩვენი ოფისი „ქართული ოცნების“ ოფისის სიახლოვეს მდებარეობს და როგორც ჩანს, არ სურთ ასეთი შინაარსის ბანერს ხედავდნენ“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ ირმა გორდელაძემ.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ოთარ რევიშვილის განცხადებით, სახელმწიფო მათ უკანონოდ უზღუდავს გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას:
„დაიწყეს რეპრესიები ჩვენს წინააღმდეგ. ინსპექციის თანამშრომლები დაგვემუქრნენ, რომ ყოველდღე 3000 ლარით დაგვაჯარიმებენ. ჩვენ აქტივისტური ჯგუფი ვართ. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ შეგვაშინონ და გაგვაჩუმონ. სისტემა სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას“.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი „არასათანადო რეკლამას“ შემდეგნაირად განმარტავს: „არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები“. არასათანადო რეკლამის განთავსება იწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო დაჯარიმებული პირის მიერ იგივე ქმედების ჩადენა 3000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
