თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის მათე დევიძე დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 5 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
„იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი და დღეს ალბათ ბოლო დღე იქნება, შეიძლება დიდი ხანი ვერ გნახოთ. იცით, რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე, რადგან გამეპროტესტებინა ევროკავშირის კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბერს, გამთენიას, ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყეს ფორმიანებმა, მაგ დღეს ვიყავი დაახლოებით ორი დღის უძილო, ძალიან, ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. როცა მათ დაიწყეს ჩვენზე ძალის გამოყენება, ვეცადე გავრიდებოდი და ეს ვერ მოვახერხე, იცით შემდეგ რაც მოხდა.
მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ... ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ. მაპატიეთ, მეგობრებო, უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა.
სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“, - თქვა მათე დევიძემ სასამართლო სხდომაზე, ვიდრე მოსამართლე გალუსტაშვილი განაჩენს გამოაცხადებდა.
მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს თბილისში გამართულ აქციაზე, რომლის მონაწილეებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. პროკურატურა მას სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავებოდა. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის სახით, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მათე დევიძეს ჯოხი საერთოდ არ ჰქონია, მას ჰქონდა გადახვეული ტრანსპარანტი რაღაც წარწერით. საპირისპიროს, ვერავინ ადასტურებს. ვიდეოკადრებში არ ჩანს არანაირი თავდასხმის ფაქტი, არ და ვერ ხერხდება იდენტიფიცირება ვერც ბიძინა ჟამერაშვილის, ვერც გიორგი ესტატიშვილის. ერთადერთი, რაც თვალნათლივ ჩანს, არის პოლიციელების სიმრავლე, მათი აგრესიული ქმედება და დაკავების ფაქტები, სადაც კარგად ჩანს მათე დევიძის დაკავების ფაქტი, როგორ აქვს ყელში წაჭერილი ხელი და რამდენიმე პოლიციელი მიათრევს მას ძალის გამოყენებით. ე.წ. დაზარალებულებმა საერთოდ მიიღეს დაზიანებები ამ აქციის დროს მათე დევიძისგან? ვიდეოჩანაწერების არცერთ ნაწილში არ ჩანს, რომ მათე დევიძე ვინმეს თავს ესხმის“, - განაცხადა მათე დევიძის ადვოკატმა ნატო მამულაშვილმა.

ნინო გალუსტაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მმართულებით მან 2023 წელს ჩააბარა.
