სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სასამართლომ დაუშვებლად ცნო ადვოკატების შუამდგომლობა ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, გაუქმების შესახებ. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია), რომელიც დაპატიმრებული ჟურნალისტის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა.

„ეს არის სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს“, - განაცხადა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

მოსამართლე ყოლბაიას გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მზია ამაღლობელი 12 იანვრიდან უკანონო პატიმრობაშია და უკვე 34-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით გუშინ, 13 თებერვალს მიმართა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ მოწმეებზე ზეწოლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, რითაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობის გამოყენება დაასაბუთა, დღეს კიდევ უფრო აბსურდულია.

„საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია და მოწმის სახით გამოკითხულნი არიან მხოლოდ პოლიციელები (6 პოლიციელი), არც ერთი სხვა პირი ან დემონსტრანტი, როგორც ამას ბრალდების მხარე მიუთითებდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დასაბუთებისას, გამოკითხული არ არის.

ნათელია, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობის მოთხოვნა მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მოხდენის მიზნით სრულად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო და ვერ აკმაყოფილებდა ვერანაირ სტანდარტს. ეს საფრთხე მით უფრო აბსურდულია გამოძიების ამ ეტაპზე, მაშინ, როდესაც ყველა მოწმე პოლიციელია და ყველა მათგანი დაკითხულია“, - განაცხადეს ადვოკატებმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გარდა ამისა, მოსამართლე სახელაშვილმა პატიმრობის დასაბუთებისთვის გამოიყენა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების გაყალბებული ოქმი, რომლის მიხედვით, ის პოლიციის შეურაცხყოფის გამო დააკავეს. ადვოკატებმა თავიანთ შუამდგომლობაში წარადგინეს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი პოლიციის ღობეზე სტიკერის გაკვრის - და არა პოლიციის შეურაცხყოფის - გამო დააკავა. ოქმში ასევე ყალბად იყო მითითებული, თითქოს დამკავებელი ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოჩა ვაზაძე იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან გავიდა ერთი თვე, მას არ ჩაბარებია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ასევე ადმინისტარციული სამართალწარმოების საქმე არ წარმართულა სასამართლოში. შესაბამისად, არ არსებობს დადგენილება მზია ამაღლობელის მიერ არარსებული ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ჩადენის შესახებ. თავად ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელსაც დააყრდნო უკანონო განჩინება სასამართლომ, გაასაჩივრა მზია ამაღლობელმა, თუმცა დღემდე არ არის განხილული“, - აცხადებენ ადვოკატები.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირქტორი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელის დაკავება საპროტესტო შინაარსის სტიკერის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის დააკავეს.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 4 მარტს არის ჩანიშნული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.