მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და 19 ნოემბრის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილებას პატიმრის ოჯახის წევრებისა და მეგობრების პროტესტი მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 5 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 6 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მათე დევიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხის განხილვისას, პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან კვლავ არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.
„ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზეც რელევანტური აღკვეთის ღონისძება არის პატიმრობა და ძალაში უნდა იქნეს დატოვებული“, - აღნიშნა პროკურორმა.
ადვოკატები ბრალდების მხარის პოზიციას არ დაეთანხმნენ და მათე დევიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლე მგელიაშვილმა არ გაითვალისწინა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, დევიძემ თქვა, რომ პატიმრობას არ იმსახურებს.
„მოსამართლემ არ გაითვალისინა ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახურებ ამას“, - განაცხადა მან.
მოსამართლის შეკითხვას, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ან ნაწილობრივ დამნაშავედ, დაკავებულმა უპასუხა, რომ დუმილის უფლებით სარგებლობს.
„ის მტკიცებულებები, რაც სასამართლოშია წარმოდგენილი, ალბათობის მაღალი ხარისხით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს იძლევა. სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას, ბრალდებულ მათე დევიძის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე გადაეცეს არსებითად განხილვას“, - განაცხადა მოსამართლემ. შემდეგი სხდომის თარიღად 30 იანვარი, 14:00 საათი განისაზღვრა.
მათე დევიძე ერთ-ერთი იყო იმ 16 ადამიანიდან, ვინც 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავეს.
ორ დღეში, დაკავების მაქსიმალური, 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს.
პროკურატურის მტკიცებით, „აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა“. დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს - გიორგი ესტატიშვილს, ბიძინა ჟამერაშვილსა და ლევან კორელაშვილს.
წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
