სპეცრაზმმა სასტიკად სცემა მოქალაქეს, რომელმაც მათ აქციის მონაწილეებზე ძალადობის კადრები აჩვენა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პროდასავლური აქციების კიდევ ერთი დაკავებული მონაწილე, 33 წლის საბა ქევხიშვილი სასტიკად არის ნაცემი. ის 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს მას შემდეგ, რაც სპეცრაზმის თანამშრომლებს დემონსტრანტებზე ანგარიშსწორების კადრები აჩვენა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საბა ქევხიშვილის ინტერესებს „სოციალურ სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, ქევხიშვილს ცხვირის, ყბის ძვლების და თვალბუდის მოტეხილობა, ასევე, ტვინის შერყევა აქვს. დაკავებისას მას მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები წაართვეს.

„სპეცრაზმის მიერ საბა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მშვიდობიანი აქციის დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების, მათ შორის დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის გამოყენება. აქციის მშვიდობიანი ხასიათის სადემონსტრაციოდ, ქევხიშვილი პროტესტის მონაწილეებს გამოეყო და რუსთაველზე სპეცრაზმის თანამშრომლების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდა.

ტელევიზიების პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ საბა ქევხიშვილს ერთ-ერთი სპეცრაზმელი გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ რას აპროტესტებდა, რის შემდეგაც საბამ მას საკუთარ მობილურში აქციის კიდევ ერთი მონაწილის ზვიად მაისაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ცემის ვიდეოს აჩვენებს და ეუბნება, რომ ძალადობაზე ვერ შეთანხმდებიან. ამ ეპიზოდის შემდეგ, საბა ქევხიშვილთან კომუნიკაციაში მყოფი სპეცრაზმის თანამშრომელი, სავარაუდოდ დაჯგუფების ხელმძღვანელი, ქევხიშვილის დაკავების გადაწყვეტილებას იღებს.

საბას თქმით, დაკავების შემდგომ, ის ქაშვეთის მიმდებარედ მდგომ მიკროავტობუსში ჩასვეს, სადაც სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი მას უწყვეტად, მონაცვლეობით სახის, კეფისა და მთელი სხეულის არეში უმოწყალოდ ურტყამდა. ძალადობის პარალელურად, დაკავებულს ემუქრებოდნენ, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, კიდევ გამოვიდოდა თუ არა აქციაზე“, - აცხადებენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.

იურისტმა  მარიამ პატარიძემ „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ საბა ქევხიშვილს მიმართ საქმისწარმოება ჯერ დაწყებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას, სავარაუდოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას მოედავება. იურისტი ვარაუდობს, რომ შსს ქევხიშვილისთვის მიყენებული დაზიანებების ჩაცხრობას ელოდება და სამართალდარღვევის ოქმის შედგენასაც იმიტომ აჭიანურებს, რომ სასამართლოს წინაშე ნაკლებად მძიმე მდგომარეობაში წარდგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, ათი დღის განმავლობაში, 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათგან 372 ადმინისტრაციული წესით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.