საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილს სასჯელები შეუკრიბეს და 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებაშიც დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ სასჯელების შეკრების წესი გამოიყენა და საბოლოოდ, ექსპრეზიდენტს 12 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კერძოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის შეფარდებულ 4 წელსა და 6 თვეს მოსამართლემ 12 მარტს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მისჯილი 9-წლიანი პატიმრობიდან 8 წელი დაუმატა.

„მიხეილ სააკშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტით დანიშნული სასჯელი - თავისუფელის აღკვეთა 8 წლის ვადით და 3 წლის ვადით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვა.

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიხეილ სააკაშვილს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით, მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება“, - მოსამართლე ჯინჯოლიას მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას შეფასებით, სასამართლომ „კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი“, რომ ყოფილი პრეზიდენტი „პოლიტიკური ტყვეა“.

„ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, მანამდე სასამართლო არის ფარსი და რასაც დაავალებენ, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - თქვა ადვოკატმა.

სასჯელების ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების წესი დანაშაულის რეციდივის დროს მოქმედებს. ამასთან, მოსამართლეს ამ შემთხვევაშიც აქვს უფლება, სასჯელის შთანთქმის წესი გამოიყენოს - ამ დროს ყველაზე მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს. ბექა ბასილაიას განცხადებით, მოსამართლემ არ გააკეთა მკაფიო განმარტება, რატომ მიიღო სასჯელების შეკრების გადაწყვეტილება.

„როცა დასაბუთებას დაწერს, ვნახავ, რაზე იმსჯელა - რეციდივს ჰქონდა ადგილი, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა, რეციდივის შემთხვევაშიც წერია კანონში, რომ უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ გარკვეული სასჯელის შეკრებითობა მოხდეს, თუმცა, ისიც ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში რა გააკეთა [მოსამართლემ] - საზღვრის კვეთაზე ფაქტობრივად მაქსიმალური მიუსაჯა და ამას დაუმატა 8 წელი და საბოლოო ჯამში, 12 წელი და 6 თვე გამოიყვანა ისეთ ქმედებებზე, რაზეც „ქართული ოცნების“ პირობებშიც კი - პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას რომ თავი დავანებოთ - მსგავს სასჯელებს ვერ ვნახავთ“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

განაჩენის გამოცხადებას მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, დისტანციურადაც არ დასწრებია. ის მოსამართლე ჯინჯოლიას განაჩენს 7 ნოემბრის საქმის სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა „პრაქტიკულად ციხეში განადგურება“ მიუსაჯა.

„ეს განადგურება, ვითომ სასამართლოს წესით, არის იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და ჩემი მომხრეები დააშინონ და ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, რადგან ეუბნებიან მასაც, რომ მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს“, - თქვა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის წაუყენეს ბრალი. იმ დროისთვის მიხეილ სააკაშვილს 6 წელი დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის. ე.წ. პიჯაკების საქმეზე განაჩენი 2025 წლის 12 მარტს გამოცხადდა, ხოლო ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეებზე სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.