ფრაქცია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შალვა რამიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, ყველამ პასუხი უნდა აგოს თავის ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„პირდაპირ გეტყვით, შეიძლება, ვაწყენინო კიდეც ადამიანებს, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ. მაგალითად, ბოლო დღეებში მოსმენილი ჩანაწერები იყო უკიდურესად მძიმე მოსასმენი. ეს შალვა რამიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე, ყველამ, თითოეულ ფრაზაზე, თავის ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე უნდა აგოს პასუხი. როგორც ვიცი, არც არავინ ერიდება ამას“, - უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ ბათუმში, სადაც მმართველი პარტიის კონფერენცია გაიმართა.
ბოლო დღეებში მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ტელეარხის POS TV-ის დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ დაადანაშაულა კიდევ ხუთმა ახალგაზრდა ქალმა - მაკო ჯაბუამ, ანანო იაშვილმა, გვანცა ბუდაღაშვილმა, ანანია გაჩეჩილაძემ და მირანდა ძირკვაძემ, რომლებიც სხვადასხვა დროს რამიშვილს, როგორც დამსაქმებელს შეხვდნენ. ანანო იაშვილი ამბობს, რომ რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 18 წლის ასაკში გახდა, როდესაც ტელეკომპანია „იმედში“ გასაუბრებაზე იყო მისული.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურად შევიწროებას ადასტურებს. ჩანაწერი 2018 წელს არის გაკეთებული, როდესაც ანანია გაჩეჩილაძე 22 წლის იყო, შალვა რამიშვილი კი 47-ის.
„ჯიუტობ, პატარა გოგო ხარ და ტვინს ტ*ნავ, იბრძვი, შენს გზას მიჰყავხარ, რაღაცებს ამტკიცებ, რა ჩემს *ლედ გინდა, მისდიე შენს სხეულს, დადექი რა*ამ და მოგ**ნავენ რა. რა იცი იქნებ კარგია, ვიღაცების ხელში სათამაშო იყო. ტ*ნაურის დროს რომ გცემენ, გევასება?
- არა, ეგეთი კაცები არ ჩითავენ.
- როგორ არ ჩითავენ, მე ვარ ეგეთი.
- თქვენთან არ მინდა სექსი.
- გასაგებია, რომ არ გინდა... ჯერ ერთი, როგორ არ გინდა, გინდა, მაგრამ არ გინდა - ისმის ჩანაწერში.
ჩანაწერიდან ირკვევა, რომ შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უახლოვდება, შეხებას ცდილობს. „არ გიყვარს, როცა მამაშვილურად გეფერებიან?“, - ეუბნება რამიშვილი გაჩეჩილაძეს.
შალვა რამიშვილმა ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ დანაშაულის ნიშნები არ არსებობს: „პირდაპირ ვაცხადებ, მოიტანეთ ნებისმიერი ჩანაწერი, მიიტანეთ ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოში და მზად ვარ, პასუხი ვაგო კანონის მთელი სიმკაცრით, თუ რაიმე დანაშაულის ნიშნები არის ან ჩანაწერში, ან სქრინში, ან... ვიღაცების გიჟურ მოგონებაზე, თუ როგორ იყო რვა წლის წინ რაღაც, იმაზე ალბათ პასუხს არავინ მომთხოვს“.
შალვა რამიშვილი ქალების ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ POS TV-ის რეიტინგის ზრდის გამო მიმდინარეობს „ცილისმწამებლური კამპანია“, რომლის ორგანიზებაში ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტს, თათია სამხარაძეს ადანაშაულებს. სამხარაძე პირველი იყო, ვინც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ ამხილა და 2016-2018 წლებში სასამართლო დავაც მოუგო, სააპელაციო ინსტანციაშიც.
POS TV ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს სამხარაძეს თანხა ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი ჩიქოვანმა გადაუხადა. 24 მარტს, POS TV-ის თანამშრომელმა ნათია ბერიძემ 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ, შესაძლოა, თათია სამხარაძე გატაცებული და ნაცემი ყოფილიყო, რადგან დიმიტრი ჩიქოვანსა და მას შორის თანხასთან დაკავშირებით კონფლიქტი მოხდა. ამის შემდეგ პოლიციელები ჩიქოვანის სახლში მივიდნენ. მათ თან POS TV-ის გადამღები ჯგუფიც ახლდათ. შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. სამხარაძე არც გატაცებული ყოფილა და არც ნაცემი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაიწყო გამოძიება ქალების მხრიდან შალვა რამიშვილის საჯარო მხილებასთან დაკავშირებით. რამიშვილს მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ წევრებმაც გამოუცხადეს.