ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის უძრავი ქონების იჯარით გაცემისას გადასახადებისგან შესაძლო თავის არიდების საკითხს იკვლევს. ამის შესახებ განცხადება დღეს, 4 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ პროსამთავრობო „რუსთავი 2“-მა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 25 მილიონი ლარის დავალიანება აქვს, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი, სადაც გერმანიის ელჩი ცხოვრობს, მამუკა ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა და „ამ დრომდე უცნობია, გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდის თუ არა ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს“.
„კურიერში“ გასულ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, არჩილ გორდულაძე, რომელმაც ელჩის დისკრედიტაცია სცადა.
„როგორ შეიძლება, დიპლომატი კონკრეტულად პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან საკუთრებას ქირაობდეს, კონკრეტულ უძრავ ქონებას და შემდეგ მას ჰქონდეს პრეტენზია მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების არქონა დამატებითი საფუძველია და იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაუმჭვირვალობა ახლა გახდა საკითხი, რომელიც ასე აწუხებს ევრობიუროკრატიას და მათ შორის, ამ ყველაფერში როგორც ჩანს, ჩართული არის დიპლომატიც“, - თქვა გორდულაძემ.
მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატების განმარტებით, გერმანიის ელჩისთვის ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება.
„სამთავრობო არხებმა გაავრცელეს დამახინჯებული ინფორმაცია, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის საიჯარო ურთიერთობის შესახებ, რაც მორიგ პროპაგანდისტულ თავდასხმას წარმოადგენს, ერთის მხრივ მამუკა ხაზარაძის ოჯახის და მეორეს მხრივ გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რასაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ჰქონია ადგილი“, - განაცხადეს ადვოკატებმა.
პეტერ ფიშერი არაერთხელ გახდა „ქართული ოცნების“ ლიდერების თავდასხმის ობიექტი. 2024 წელს, მას შემდეგ, რაც დიპლომატმა რუსული კანონი ევროინეტგრაციის შემაფერხებელ გარემოებად დაასახელა, „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მას „ლელოს“ მხარდამჭერი უწოდა და თქვა, რომ გერმანია მისნაირ ელჩებს საქართველოში არ უნდა გზავნიდეს.
