შემოსავლების სამსახური გამოცემა „ბათუმელებს“ საგადასახადო შეთანხმებას სთავაზობს

„ბათუმელების“ რედაქცია / ფოტო © მაუწყებელი

მას შემდეგ, რაც ონლაინგამოცემა „ბათუმელებმა“ მკითხველის მხარდაჭერით სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების ძირი თანხის შეგროვება და დაფარვა შეძლო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ საგადასახადო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მზად არიან ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა მოუხსნან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ დღეს, 22 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.  

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 1-ელ ივლისს შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ დავალიანება 5 დღეში უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანგარიშებს ინკასოს დაადებდნენ. როგორც მედია ორგანიზაციაში განაცხადეს, შემოსავლების სამსახურმა მათ უარი უთხრა ვალის გადახდის გრაფიკის შეთავაზებაზე, რასაც საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს და 17 ივლისს ანგარიშებს ინკასო დაადო. „ბათუმელებმა“ გადაწყვეტილება გამოცემის დამფუძნებელზე, პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელზე ზეწოლად შეაფასეს.

ამ თემას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამოუკიდებელ ქართულ გამოცემას ანგარიშები გაუყინეს მას შემდეგ, რაც მისი დამფუძნებლის მიმართ „პოლიციის მხრიდან ძალადობის სავარაუდო ფაქტები გამოავლინა“.

განცხადება გაავრცელა აშშ-ის ჰელსინკის კომისიამაც, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, თავისუფალი მედიის ჩახშობით საკუთარი კორუფცია და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულები დამალოს.

„მათ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გაჩუმება სცადეს, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იანვრიდან იმყოფება“, - წერია განცხადებაში, რომელიც ჰელსინკის კომისიამ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება - ანგარიშებზე ყადაღის დადება - ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით.

დღეს, 22 ივლისს, მკითხველების მხარდაჭერით, „ბათუმელებმა“ დავალიანების ძირი თანხა - 47 000 ლარი გადაიხადა. ორგანიზაციას გადასახდელი რჩება დარიცხული საურავი და ჯარიმა, ჯამში, 235 000 ლარის ოდენობით.  თუ „ბათუმელები“ თანხას ვერ გადაიხდის, ორგანიზაციის ქონებას - რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისს - დააყადაღებენ, შემდეგ კი გაყიდიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.