შს მინისტრი მკაცრი სასჯელით ემუქრება ყველას, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური პარლამენტთან დაგეგმილი დემონსტრაციის წინ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კანონის სრული სიმკაცრით და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაისჯება ყველა, ვინც პარლამენტის შენობის ბლოკირებას შეეცდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.

გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად გამოვიყენოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ“, - განაცხადა გომელურმა.

შს მინისტრამდე რამდენიმე საათით ადრე, დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც დაემუქრა. პრემიერმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები მოიხსენია „რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებად“, რომლებსაც ხვალ და ზეგ, პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ „ძალადობრივი ქმედებები“ აქვთ გაგეგმილი. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს“.

პარლამენტის ხვალ, დილის 9 საათზე აპირებს რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვას, ზეგ კი პლენარულ სხდომაზე დამტკიცებას. რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია დღეს 22 საათზეა დაგემილი. დემონსტრანტები ღამეს პარლამენტთან გაათენებენ. 

 
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).