შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის დროს შსს-ს თანამშრომლებმა რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 4 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 5 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
„პოლიცია არის პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე, ჩვენ გარეთ არ გამოვსულვართ და შიგნიდან ვცდილობთ დავიცვათ ტერიტორია უნებართვო შეჭრისგან. ის სპეცსაშუალებები, რაც კანონით არის გათვალისწინებული, ეს არის წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, გამოვიყენეთ.
რეზინის ტყვიები, მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი გვქონდა, გამოგვეყენებინა, არ ყოფილა გამოყენებული.
აქციის მონაწილეები იყენებენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირებსა და გაზებს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება. აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ, როგორ მოხდა ამ ადამიანების ხელში ეს საშუალებები. კატეგორიულად უარვყოფთ და ვადასტურებთ იმას, რომ ამ ეტაპის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია“, - განაცხადა დარახველიძემ შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
რეზინის ტყვია მოხვდა პარლამენტთან მიმდინარე აქციის არაერთ მონაწილეს, მათ შორის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ცოტნე კობერიძეს. რეზინის ტყვიით დაშავებული 25 წლის მამაკაცი, რომელსაც თვალთან სისხლი სდიოდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„როგორც მითხრეს, თვალი გადარჩენილია. რეზინის ტყვია მოხვედრილია წარბის არეში. გაზის გაშვების დროს, როცა ბავშვები დაბლა დაეცნენ, მათ გამოყვანაში ვეხმარებოდი და მაშინ მესროლესო“, - თქვა დაშავებულის მამამ, კახა დემურიშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, აქციაზე, სხვა სპეციალურ საშაულებებთან ერთად, რეზინის ტყვიების გამოყენებაც შეინიშნება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების (სახის, მუცლის არის) მიმართულებით ან/და იმ პირთა მიმართ, რომელთაგანაც არ მომდინარეობდა საფრთხე.
მეორე დღეა, ხელისუფლება არბევს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან აქციას მართავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და მხუთავ აირს იყენებს. დღეს სპეცრაზმმა დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებიც ესროლა. აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი, ახალგაზრდები, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები არიან.
პარლამენტმა მასშტაბური საპროტესტო აქციების გამომწვევი რუსული კანონი 1-ელ მაისს, 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, რა დროსაც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წასვლას და რუსულ კანონზე უარის თქმას არ აპირებს.
