შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა ერთი პირი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ქ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 3 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 4 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 5 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
შსს დღეს, 6 მარტს, გავრცელებულ განცხადებაში აღწერს, როგორ დატოვა ბაჩიაშვილმა ქვეყანა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის თვეში, დაკავებულ - შ.ქ.-ს, დაუკავშირდა მისი მეგობარი დ.გ. და როგორც მის სანდო პირს გარკვეული საკითხის მოგვარება შესთავაზა, რომლის სანაცვლოდაც ის შესაბამის თანხას მიიღებდა.
შ.ქ. აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა და 2024 წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში, მას მისი მეგობრის - დ.გ.-ს სახელით დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვა, სადაც მან გიორგი ბაჩიაშვილი გაიცნო.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას, გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა ერთი პირის საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა. შ.ქ.-სა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შეთანხმება შედგა.
პირველ ეტაპზე, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს გადასცა „გუგლის“ სატელიტური ტელეფონი და მოსთხოვა, რომ მხოლოდ აღნიშნული მოწყობილობით ჰქონოდა მასთან კომუნიკაცია. ასევე, მას გადასცა ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი თანხა და დაავალა, რომ „ტოიოტა ქამრის“ მოდელის, მუქი ფერის ავტომობილი შეეძინა.
ბაჩიაშვილის მითითებით, დავალების შემსრულებელ პირს დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა გადაეკვეთა საქართველო-სომხეთის საზღვარი და იქ არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა.
ბაჩიაშვილმა მას ასევე, მოსთხოვა ავტომობილის წინა და უკანა საქარე მინაზე ვიდეორეგისტრატორები დაემონტაჟებინა, რომლის ჩანაწერებიც მან საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით თავად გაშიფრა.
გამოძიებით დგინდება, რომ ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს მოსთხოვა, რამდენიმე დღე მისთვის მანქანა კონკრეტულ მისამართზე დაეტოვებინა, რა დროც მან სპეციალური სამალავის მოწყობისთვის გამოიყენა. ამის შემდეგ, ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს გაუმხილა, რომ სახელმწიფო საზღვარი ფარულად მას უნდა გადაეკვეთა.
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის 2 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილი და შ.ქ. საქართველო-სომხეთის საზღვრის მიმართულებით გაემართნენ.
გამოძიებით დგინდება, რომ სადახლოს გამტარი პუნქტის სიახლოვეს, გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის, წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა.
შ.ქ. მისი კუთვნილი ავტომობილით მივიდა სადახლოს გამტარ პუნქტთან, გაიარა საპასპორტო კონტროლის შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, მესაზღვრე-კონტროლიორებმა შეამოწმეს აღნიშნული პირის დოკუმენტები და მოხდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება.
აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, ისინი გაემართნენ სომხეთის საზღვრის მიმართულებით, სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან, გიორგი ბაჩიაშვილი გადმოვიდა ავტომობილიდან და მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გადაკვეთა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.
ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მისვლის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს მოსთხოვა დაებრუნებინა სატელეფონო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, გადასცა მას დაპირებული თანხა და ურჩია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანა დაეტოვებინა.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მიმდინარე წლის 5 მარტს, შ.ქ., მაშინ როდესაც ის სარფის გავლით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას, შეაჩერეს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, რის შემდგომაც იგი დააკავეს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ის ავტომობიილი, რომლითაც გიორგი ბაჩიაშვილი და ბრალდებული პირი გადაადგილდებოდნენ, ასევე, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66 000 სომხური დრამი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 25-344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და აღნიშნულ დანაშაულში დახმარებას გულისხმობს.
გიორგი ბაჩიაშვილმა 4 მარტს, თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო დატოვა, რის მიზეზადაც მის წინააღმდეგ აღძრული „მორიგი შეთითხნილი“ სისხლის სამართლის საქმე და ბიძინა ივანიშვილის მუქარა დაასახელა. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ გადაკვეთა საზღვარი, თუმცა თქვა, რომ გამოიყენა „სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც“.
