ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს, საქართველო დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის მის წინააღმდეგ აღძრულ „მორიგ შეთითხნილ“ სისხლის სამართლის საქმეს და „უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ“ ინფორმაციას ასახელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
როგორც ცნობილია, ბაჩიაშვილს პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა. 2023 წლის ივლისში, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა. უცნობია, სად გაემგზავნა ის და რა გზით.
„უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ. საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე.
ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან. შესაბამისად, ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია.
ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული, და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს, და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას.
გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ - საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს.
ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ... იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა.
ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.
ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გადეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს.
ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხენ და ვერ შეგვაჩერებენ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ - ჩვენ გვაქვს სიყვარული“, – წერს ბაჩიაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილს ორ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. 2023 წლიდან პროკურატურა მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინის მითვისებას ედავება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ივანიშვილის ყოფილ ბიზნეს პარტნიორს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რამდენიმე დღის წინ ბაჩიაშვილს ბრალი ე.წ. „მტკვარი ჰესის“ საქმეზეც წარუდგინეს. ამ შემთხვევაში მას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა სწორად არ შეაფასა რისკები, ასევე, არ მიიღო ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რის შედეგადაც, „მტკვარი ჰესის“ აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონი აშშ დოლარიდან 240 მილიონამდე გაიზარდა. სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ ამით ინვესტორის, ანუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დაზიანდა.
