ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. საქმე ეხება „მტკვარი ჰესის“ პროექტს. პროკურატურა ბაჩიაშვილს გულგრილობას ედავება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 4 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 5 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა სწორად არ შეაფასა რისკები, ასევე, არ მიიღო ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რის შედეგადაც, „მტკვარი ჰესის“ აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონი აშშ დოლარიდან 240 მილიონამდე გაიზარდა. სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ ბაჩიაშვილმა ინვესტორის, ანუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დააზიანა.
თავად გიორგი ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს და საქმეს ფაბრიკაციას უწოდებს.
„ეს არის მეორე ფაბრიკაცია. ივანიშვილმა სასამართლოში თავისი ჩვენებისას დამიანონსა, რომ იქნებოდა დამატებითი სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩემთვის არ იყო ეს არც სიახლე და არც მოულოდნელობა.
ის იქ ამბობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ „მტკვარი ჰესის“ ბიუჯეტი გაიზარდა და შესაბამისად, ალბათ ბაჩიაშვილმა მოიპარა ფული. მეტი არც მტკიცებულება, არც რაიმე მიმანიშნებელი დოკუმენტი, არაფერი საქმეში არ იდო. რომც მდომოდა, როგორც დირექტორს, რაიმე უკანონობის ჩადენა, მე არ მქონდა უფლებამოსილება, რომ ჩემი ხელმოწერით პირადად დამევალებინა „მტკვარი ჰესისთვის“ რაიმე გადაწყვეტილების მიღება.
ვინაიდან და რადგანაც „ბიტკოინების საქმე“ არის ძალიან უპერსპექტივო და სტრასბურგში პირდაპირ ივანიშვილის კრახით დასრულდება, ალბათ აირჩეს სტრატეგია, რომ მეორე საქმე უფრო კარგად შეკერონ და ამ საქმეზე აიღონ აქცენტი.
ყველანაირი სირთულის მიუხედავად, ეს პროექტი წარმატებით თითქმის დასრულდა, სატესტო რეჟიმში მუშაობს და პროექტი პირადად ივანიშვილს მოუტანს წელიწადში 15 მილიონი ლარის მოგებას“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა პროკურატურაში ბრალის წარდგენის შემდეგ.
პროკურატურის განცხადება
პროკურატურის მტკიცებით, 2014 წლის ნოემბერში, „თანაინვესტირების ფონდმა“ (იგივე შპს „ჯი სი ეფ პარტნიორები“) კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგთან“ წერილობითი შეთანხმება გააფორმა, რომლითაც კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების, ასევე არსებული აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო. იმავე წელს, კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგმა“, გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივით, შპს „მტკვარი ჰესის“ წილი შეიძინა, რომელიც ახალციხეში მდინარე მტკვარზე ასაშენებელ ჰესის პროექტს ფლობდა.
პროკურატურის განცხადებით, თავდაპირველი გათვლებით „მტკვარი ჰესი“ მომგებიან საინვესტიციო პროექტს წარმოადგენდა, რომლის აშენების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო.
განცხადების თანახმად, „მტკვარი ჰესის“ პროექტის შეძენამდე, „თანაინვესტირების ფონდის“ დაკვეთით, ჰესის პროექტის ექსპერტიზა და შესაბამისი კვლევები ჩატარდა, რის შედეგადაც არაერთი მნიშვნელოვანი, ასევე არსებითი ხასიათის რისკი და საფრთხეები გამოვლინდა.
„გამოვლენილი რისკები სავალდებულოდ უნდა გათვალისწინებულიყო როგორც ჰესის მშენებლობის დაწყებისას, ასევე მიმდინარეობის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც „თანაინვესტირების ფონდის“ გენერალური დირექტორი, სრულად იყო პასუხისმგებელი „ჯი სი ეფ ლუქსემბურგის“ საინვესტიციო პროექტების და აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა“, - აცხადებს პროკურატურა.
შედეგად, სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაცია შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით - 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.
„საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა ჰესი ექსპლუატაცია დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები“, - აცხადებს პროკურატურა.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის (გულგრილობა) მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
გიორგი ბაჩიაშვილი „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელის თანამდებობას 2013-2019 წლებში იკავებდა. 2023 წელს ივანიშვილმა ბაჩიაშვილს პროკურატურაში უჩივლა. საქმე ეხება 8253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.
პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხა 5 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ბაჩიაშვილის მტკიცებით 5 მილიონი„ქართუ ბანკიდან“ სესხის სახით აიღო და ერთი წლის შემდეგ გადაიხადა.
ბიტკოინი, რომლის მითვისებასაც ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარი ღირდა.
სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს ბაჩიაშვილს 2,5 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ივანიშვილის ყოფილ ბიზნეს პარტნიორს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
