შსს-მ „ოცნების“ განცხადების საფუძველზე კალაძის შტაბთან მომხდარზე გამოძიება ახალი მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება „წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის“ მუხლით დაიწყო. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე – სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯადი ქმედებაა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

8 სექტემბერს, საღამოს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბი მდებარეობს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და პოლიციის მიერ ნებადართული.

მომხდარის შედეგად აქციის არაერთმა მონაწილემ სხეულის დაზიანებები მიიღო, რამდენიმე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დაშავდა უნგრელი ჟურნალისტი ლასლო მესეშიც. ტელეფონები წაართვეს და ფიზიკურად იძალადებს ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ორ თანამშრომელზე. „ნეტგაზეთის“ თანახმად, მათ ჟურნალისტს დედა აგინა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე ხუტა პაჭკორიამ.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით,  „ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან“, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.