„სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა

ფონიჭალის „აჰლი ბეითის“ მეჩეთმა საკუთარ მრევლს ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, სეიდ მოჯთაბა ხამენეის პირველი მასშტაბური საჯარო მიმართვა გაუზიარა. მეჩეთის ოფიციალურ Facebook-გვერდზე აუდიოფორმატში გამოქვეყნებული გზავნილი უაღრესად მწვავე ანტიამერიკული რიტორიკით გამოირჩევა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ხამენეის მიმართვაში ამერიკის შეერთებული შტატები ისლამური სამყაროს მთავარ მტრად არის წარმოჩენილი. აშშ ღიად არის მოხსენიებული „დიდ სატანად“ და „აგრესორად“, რომელიც რეგიონში ე.წ. „კიბოსმაგვარ სიმსივნედ“ წოდებულ ისრაელთან ერთად მოქმედებს.

მოჯთაბა ხამენეის განცხადება 26 მაისით თარიღდება. იგი მიმართულია როგორც მექაში მყოფი მომლოცველების, ისე მსოფლიოს ყველა მუსლიმისადმი და მათ რელიგიური ერთობისკენ, სულიერი ამაღლებისა და პოლითეისტების (მტრების) უარყოფისკენ მოუწოდებს.

ირანის უზენაესი ლიდერი ხაზს უსვამს, რომ ირანის და მისი მოკავშირეების („წინააღმდეგობის ფრონტის“) შეიარაღებულმა ძალებმა „დიდ სატანა ამერიკას“ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით უმძიმესი სამხედრო დარტყმები მიაყენეს ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან, რითაც მისი მიზნების მიღწევა დააბრკოლეს.

გზავნილის მიხედვით, რეგიონში ახალი ისლამური გამოღვიძება იწყება, ამერიკის დრო კი იწურება:

„რეგიონის ხალხები აღარასდროს იქნებიან ფარი ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის. ამერიკა ამიერიდან რეგიონში ვეღარ იქნება სტაბილურობის ცენტრი ან სამხედრო ყოფნის უსაფრთხო ადგილი და ის თანდათან დაშორდება თავის ძველ პოზიციას. დასუსტებული სიონისტური რეჟიმი და სიმსივნური წარმონაქმნი სახელად ისრაელი, თავისი საძულველი სიცოცხლის ფინალურ ეტაპს უახლოვდება და ღვთიური მადლით, ოცდახუთი წლის შემდეგ აღარ იარსებებს“.

მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური გზავნილია ის, რომ ლოზუნგი „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ მთელი ისლამური სამყაროსა და მსოფლიოს დაჩაგრული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის მთავარ შეძახილად უნდა იქცეს.

თბილისთან ახლოს, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე „აჰლი ბეითის“ მეჩეთი რიგითი რელიგიური დაწესებულება არ არის. ჰადსონის ინსტიტუტის (Hudson Institute) ანგარიშის თანახმად, ის საქართველოში მოქმედი პროირანული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტიური შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებს ანტიდასავლურ, რადიკალურ იდეოლოგიას.

მეჩეთი პირდაპირ კავშირშია „აჰლ ალ-ბაითის“ მსოფლიო კრებასთან - ორგანიზაციასთან, რომელიც ფორმალურად არასამთავრობო სტატუსით მოქმედებს, თუმცა რეალურად ირანული რეჟიმის მიერ ფინანსდება და დასავლეთის ქვეყნებში ირანის სპეცსამსახურების საფარ ორგანიზაციად მიიჩნევა.

გარდა ამისა, მეჩეთი მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის მიერ სანქცირებულ „ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტთან“, რომლის თბილისის ფილიალიც სწორედ ფონიჭალის რაიონში ფუნქციონირებს. ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ფონიჭალის მეჩეთის ახუნდი რეგულარულად მონაწილეობს ირანელ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, უნივერსიტეტის პრეზიდენტ ალი აბასისთან გამართულ შეხვედრებში.

„აჰლი ბეითის“ მეჩეთში სისტემატურად იმართება ანტიამერიკული და პროირანული ქადაგებები, სადაც ღიად უჭერენ მხარს ირანის პოლიტიკურ და სამხედრო კურსს.

მეჩეთის ერთ-ერთი მთავარ აქტივობას შორისაა ერაყში მომლოცველთა ტურების ორგანიზებაა. ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაში ვკითხულობთ, რომ თუ 2022 წელს „აჰლი ბეითის“ მეჩეთის ორგანიზებით ქარბალაში 200-ზე მეტი ქართველი მუსლიმი გაემგზავრა, 2025 წელს ამ რიცხვმა 1000-ს მიაღწია.

„ამის გაფართოება ზრდის საქართველოს მოწყვლადობას თეირანის მხრიდან პოტენციური სადაზვერვო შეღწევის, პროქსი ძალების ფორმირებისა და „რბილი ძალის“ გრძელვადიანი განმტკიცების მიმართ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ირანული გავლენების ზრდას არ აღიარებს და ამ თემაზე მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშებს მიზანმიმართულ კამპანიას უკავშირებს, რომლის მიზანიც, მათი მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციაა.

„ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის დისკრედიტაცია სცადა და მთავარი აქცენტი მის ავტორზე, გიორგი კანდელაკზე გააკეთა - განაცხადა, რომ დოკუმენტი არა დამოუკიდებელი ექსპერტის, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის დაწერილია. კობახიძემ კანდელაკი მოღალატედ და „თანამედროვე სერგო ორჯონიკიძედ“ არაერთხელ მოიხსენია.

 

ამ თემაზე:

სუს-მა ირანის გავლენების მკვლევარებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.