სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები, კლინიკა „ვივამედში“ პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს შეხვდნენ და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს. სახალხო დამცველის თქმით, მისი აპარატი განიხილავს შესაბამისი რეკომენდაციის მომზადებას, სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან გადავადების მიზნით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა და სახალხო დამცველი განიხილავს ამ პროცესში ინტერვენციას. იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის წარდგენა შევძლოთ ან გვქონდეს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროდ ჩავთვალე, მოგვენახულებინა.
თუ არ ვცდები, შემდეგ კვირაში ჩაინიშნა პროცესი. ამიტომ, სავარაუდოდ, მანამდე მოგვიწევს მომზადება, რის გამოც საჭირო გახდა თავად ექიმების მოსვლა, რომ მდგომარეობა თავისი თვალით ენახათ და შეეფასებინათ. თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაზეც დღესაც ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად არის რთული, მძიმე და რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
„შემოვიდა 116 კილოგრამით, 73.6 ავწონეთ ამ წუთში ჩვენ. კლება ძალიან სერიოზულია.
პაციენტის მდგომარეობა ჩვენი აზრით ცალსახად მძიმეა, მნიშვნელოვანი წონის კლება აქვს, გაცილებით მეტი, ვიდრე დასაშვებია. კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის საშიშია, ძალიან საშიშია.
ჩემი ბოლო ვიზიტიდან დღემდეც ძალიან შეცვლილია. მე რომ ვაფასებდი მას ადრე, ერთ-ერთი შკალით, მაშინ 25 ქულაზე მეტი ქონდა, ახლა ძალიან დაბალი ქულით შეფასდა. კოგნიტიური გაუარესება, აზროვნების მნიშვნელოვანი გაუარესებაა. პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში ძალიან გაუარესებულია“ - თქვა ექიმმა თენგიზ წულაძემ.
ცენტრმა „ემპათიამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა 1-ელ დეკემბერს გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების წინ პაციენტი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ექსპერტების დასკვნით, დიაგნოსტიკა – მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ -ს ან/და ევროკავშირის მულტი – პროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.
3 დეკემბერს, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პარტიის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.