სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის გადაცემის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ნებისმიერი განცხადება, იდეა ან „ინფორმაცია“ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ, თავისი ბუნებით, არ შეიძლება რეალობას შეესაბამებოდეს. ამიტომ, როგორც ადრე უარვყავით, ახლაც უარვყოფთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი შინაარსის ნებისმიერი პუბლიკაციის უარყოფას, რადგან ისინი გამოგონილია“, - აღნიშნა ბაღდასარიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 27 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი სომხეთის მთავრობის დღის წესრიგში დგას. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უახლოეს მომავალში გაგრძელდება და გონივრულ ვადებში დასრულდება.
სოფლის შესაძლო გადაცემის შესახებ ინფორმაცია სომხურ მედიაში, კერძოდ კი ოპოზიციურ წრეებთან დაკავშირებულ პლატფორმებზე და ქართულ პრესაშიც გავრცელდა. ეს პროცესი ემთხვევა სომხეთში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდს - ქვეყანა 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით, ევროკავშირმა სომხეთში „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფი“ მიავლინა, რომლის მიზანიც „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასა და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში დახმარებაა. ამასთანავე, გასულ კვირას ევროპულმა მხარემ დაამტკიცა კიდევ ერთი, უფრო გრძელვადიანი, ორწლიანი სამოქალაქო მისია. აღნიშნული ნაბიჯები ოფიციალური მოსკოვის უკმაყოფილების მიზეზი გახდა 0 კრემლის შეფასებით, მსგავსი მისიები სომხეთის „ანტირუსულ ფორპოსტად“ გადაქცევას ემსახურება.
სოფელი ჯილიზა ალავერდის თემის ნაწილია და ლორის რეგიონში, სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ სომხურ მედიაში მისი შესაძლო გადაცემის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ორი წლის წინაც ვრცელდებოდა.
ამჟამად საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული 224-კილომეტრიანი საზღვრის ნაწილი კვლავ შეუთანხმებელია.
