ზოგიერთი სომხური მედიასაშუალება, რომელთა ნაწილი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, რამდენიმე კვირაა ავრცელებს ინფორმაციას საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის გადაცემის შესახებ. ეს თემა საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის ერევანში ვიზიტის შემდეგაც გააქტიურდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 4 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 5 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 6 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
გამოცემა „ქვეყნის ამბებმა“ (Yerkir.am) 26 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, „ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის კონტაქტების დროს ფაშინიანმა გაააქტიურა სადემარკაციო სამუშაოები საქართველოსთანაც, გარკვეული ტერიტორიები საქართველოსაც დაუთმო. კერძოდ, იგულისხმება სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე სოფელ ჯილიზას (სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის ალავერდის რაიონი) მიმდებარე ტერიტორიები“.
ამ საკითხზე გადაცემა 5 მარტს ალავერდის ტელევიზიამაც მოამზადა. Ankyun+3-ის ინფორმაციით, სოფელ ჯილიზაში მცხოვრებმა ალბერტ ლალაიანმა ათი დღის წინ გაიგო, რომ მისი სახლი და დამხმარე ნაგებობები საქართველოს ტერიტორიაზე გადავიდა.
„ბოლო პერიოდში „იანდექსის“ საძიებო სისტემაში ჩემი სახლის ადგილმდებარეობას საქართველოს ტერიტორიაზე აჩვენებს. 26 თებერვლამდე, „იანდექსით“, ჩემი სახლი სომხეთის ტერიტორიაზე იყო. ადრე საქართველოს ერთი ტყის მონაკვეთი გადასცეს, ახლა უკვე ეს ჩემს სახლს ეხება. ხმას თუ არ ამოვიღებ, ნიშნავს, რომ თანახმა ვარ“, - ამბობს ლალაიანი გადაცემაში.
მისი ინფორმაციით, უწინ სოფელ ჯილიზაში, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩს ესაზღვრება, 32 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი სამია დარჩენილი.
საქართველოსთვის ჯილიზას „გადაცემას“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. უწყებამ Yerkir.am-ს წერილობით აცნობა, რომ სომხეთისა და საქართველოს მაღალი რანგის წარმომადგენლების ბოლო კონტაქტების დროს ჩამოყალიბდა ზოგადი წარმოდგენა, რომ აუცილებელია სომხეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების გააქტიურება.
„პროცესის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას სათანადო დროში წარედგინება“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 20 თებერვლით დათარიღებულ წერილში.
სოფელ ჯილიზას გამგებელმა მჰერ ვარდანიანმა განაცხადა, რომ მხოლოდ მედიით გავრცელებულ, არაოფიციალურ ინფორმაციას ფლობს.
„ნამდვილად არ ყოფილა საუბარი, რომ საქართველოს ასეთი ამბიციები აქვს. ჩვენ წლებია აქ ვცხოვრობთ, ვიცით ჩვენი საზღვარი. არ ვიცი, რა შეიცვლება თუ დემარკაცია მოხდება. თავის სახლს, მიწას არავინ დატოვებს. ეს სომხეთის ტერიტორიაა და ასეთად დარჩება“, - თქვა ვარდანიანმა გაზეთ „ჰრაპარაკთან“ ინტერვიუში.
25 მარტს, ერევანში, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონეფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობაც განიხილეს.
სომხეთთან საქართველოს საზღვრის სიგრძე 224 კილომეტრია, რომლის ნაწილი შეთანხმებული არ არის.