სოზარ სუბარი სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივით გამოდის

არალეგიტიმურ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვისას, „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივით გამოვიდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სუბარის თქმით, დღეს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ, ტელევიზიასთან და რადიოსთან შედარებით, შეიძლება „გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს“ საზოგადოებრივ აზრზე.

„არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც - ბეჭდური მედია, მაგრამ სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა. უბრალოდ, კარგი იქნება, დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად, რომ ადამიანები დავიცვათ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

4 მარტს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.

ტელევიზიებსა და რადიოებს ეკრძალებათ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება, ასევე, იზრდება კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები. კერძოდ, რიგი საკითხები, რაც დღემდე მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირების სფეროში იყო, კომისიის რეგულირებაში გადადის.

ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა ექნება ისეთ შემთხვევებშიც, თუ:

  • საავტორო პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას არ ეცნობება, რომ პროგრამა საავტოროა. ამასთან, საავტორო პროგრამებში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“.
  • ახალი ამბების გადაცემისას დაცული არ იქნება სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი, ასევე, ბალანსი;
  • პროგრამაში გამოხატული იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია;
  • საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერი მომზადდება დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით);
  • სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტი მომზადდება უფლებამოსილი პირის და ადგილზე მყოფი იმ პირების თანხმობის გარეშე, რომელთა გადაღებაც ხდება (მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით);
  • ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა მოხდა წინასწარი გაფრთხილების გარეშე;
  • ინფორმაცია მოპოვებული ან/და გადაცემულია ფარული მეთოდის გამოყენებით. აქედან გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და, ამასთანავე, ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით,„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებების მთავარი მიზანია ცენზურის ან თვითცენზურის შემოღება და კრიტიკული არხების პროდუქციაზე შინაარსობრივი კონტროლის დაწესება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.