ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი სხდომა 6 მარტისთვის გადაიდო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
მოსამართლე სალიხ შაინიძემ სხდომის გადადების მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელს და მისი ინტერესების დამცველებს დღემდე არ ჩაბარებიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები.
გარდა ამისა, მოსამართლის თქმით, პატიმრობაში მყოფი ამაღლობელის პროცესზე ჩართვა ვერ მოხერხდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, თამარ წულუკიძემ განმარტა, რომ სხდომის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მიუღიათ.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირქტორი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელის დაკავება ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის სტიკერის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის დააკავეს.
პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ამაღლობელს აკავებენ მას შემდეგ, რაც მან პოლიციის სამმართველოს შენობის ღობეზე სტიკერი - წარწერით „იფიცება საქართველო“ - მიაკრა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევა არ არის, რის გამოც პოლიციამ ოქმი გააყალბა და მიუთითა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციისთვის მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
ამასთან, გაყალბებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში ყალბად არის მითითებული, თითქოს მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ვაზაძემ დააკავა. ვიდეოკადრების მიხედვით, დამკავებელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელიაა.
ყალბი ადმინისტრაციული დაკავების ოქმი პროკურატურამ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენების დასასაბუთებლად გამოიყენეს.
მზია ამაღლობელი 37-ე დღეა, უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ამდენივე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მას პროკურატურა პოლიციის უფროსზე თავდასხმას ედავება, შემდეგი სასამართლო პროცესი 4 მარტისთვის არის ჩანიშნული.
პოლიციელზე თავდასხმა 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. უფლებადამცველების შეფასებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს ატარებს.
