ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აუკრძალა ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემა. ამის შესახებ ინფორმაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ გაავრცელა, რომელიც ჟურნალისტის ინტერესებს იცავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენებისა და აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ექსტრადიციის შეჩერების თაობაზე 10 იანვარს მიმართა, დღეს, 15 იანვარს კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სადიგოვისთვის საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო უკანასკნელი ეროვნული ინსტანცია იყო, რომელსაც დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიციის შეჩერება შეეძლო.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ მხარეთა ინტერესებისა და მის წინაშე სათანადო სამართალწარმოების წარმართვისთვის, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, აფგან სადიგოვი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას.
ეს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებაა, რადგან ეროვნული სასამართლოების დონეზე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული საქმის განხილვა. ამასთან, არსებობდა თეორიული შანსი, რომ სააპელაციო სასამართლოს დაეკმაყოფილებინა აფგან სადიგოვისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭება. ევროპული სასამართლო არ შეიჭრა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში და დაელოდა ეროვნული დონეზე სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ბოლომდე ამოწურვას“, - განაცხადეს უფლებადამცველ ორგანიზაციაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სტრასბურგის სასამართლოს აცნობებს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ და დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადის გაგრძელებას მოითხოვს. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაუშვებელი იქნება სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია მანამ, ვიდრე ევროპული სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსი, ონლაინ გამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. ნოემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა ძალაში დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საერთაშორისო დაცვაზე უარი ეთქვა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტების შეფასებით, დეპარტამენტის უარი დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან აფგან სადიგოვი პროფესიული საქმიანობის გამო წლების განმავლობაში იყო დევნის მსხვერპლი. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სადიგოვი, აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში, კვლავ პოლიტიკური დევნისა და წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშ დადგება. ორგანიზაციას საქალაქო სასამართლოს სწორედ ეს გადაწყვეტილება ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული.
აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 3 თებერვალს იწურება.
