თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა ძალაში დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საერთაშორისო დაცვაზე უარი ეთქვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 კობახიძე: გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით
- 6 რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს კომპანია Gunvor-ს მიჰყიდის
დეპარტამენტის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ ჰქონდა გასაჩივრებული.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაჩქარებულად მიიღო გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი. ამით სასამართლო თანამონაწილეობს აფგან სადიგოვის ალიევისთვის გადაცემის დანაშაულში და ბრმად და უნამუსოდ ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანში რისკების წინაშე არ დადგება ეს ადამიანი - ადამიანი, რომელიც ორჯერ უკვე იყო დაპატიმრებული უკანონოდ ბაქოში. პროკურატურაც აჩქარებს ექსტრადიციის მოთხოვნით სასამართლოში შესვლას. ყველა რგოლი ჩართულია ამ ოჯახის გადაგურებაში და ალიევის „ზაკაზის“ შესრულებაში“, - აცხადებს ორგანიზაციის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.
აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსი, ონლაინ გამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს, რის შემდეგაც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავების შემდეგ მან საქართველოს საერთაშორისო დაცვის თხოვნით მიმართა, თუმცა, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა იმ დასაბუთებით, თითქოს, აზერბაიჯანში მისი უფლებების დარღვევა არ დგინდება.
დეპარტამენტის შეფასებით, მართალია აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა ეს არ წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ნახსენებ „პოლიტიკური მოსაზრებების გამო დევნას“. ამასთან, დეპარტამენტი მიჩნევს, რომ სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში არ განხორციელდება დისკრიმინაციული სისხლისსამართლებრივი დევნა, ან არაპროპორციული სასჯელის გამოყენება. დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ საქმეზე არ არსებობს ისეთი ინდივიდუალური გარემოებები, რომელიც აზერბაიჯანში დაკავებისა და პატიმრობის შემთხვევაში მის მიმართ წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს შექმნიდა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტების შეფასებით, დეპარტამენტის უარი დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან აფგან სადიგოვი პროფესიული საქმიანობის გამო წლების განმავლობაში იყო დევნის მსხვერპლი. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სადიგოვი, აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში, კვლავ პოლიტიკური დევნისა და წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშ დადგება.
1-ელ ნოემბერს, სასამართლომ აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. ჟურნალისტი უკვე 56 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს და ციხის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
