ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აუკრძალა დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია. ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პატიმრობაში მყოფმა ჟურნალისტმა 161-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
„რამდენიმე საათის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აფგან სადიგოვის საქმეზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 10 იანვარს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვა დროებითი ღონისძიების (Interim Measure) გამოყენება, რათა შეჩერებულიყო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში. ეს მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როდესაც არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალი რისკი.
„სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას დაევალა, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის არ გადაეცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს პრიორიტეტი მიანიჭა რეგლამენტის 41-ე წესის საფუძველზე, რაც საქმის დროული განხილვის რეჟიმს გულისხმობს.
ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, რომელსაც ევროპულ სასამართლოში იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, სასამართლოს თავისი პოზიცია წარუდგინა და მოითხოვა, არ გაგრძელებულიყო დროებითი ღონისძიება. მთავრობის მტკიცებით, სადიგოვს აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრებოდა.
მთავრობამ სრულად უგულებელყო აზერბაიჯანში ჟურნალისტთა სისტემატური დევნისა და წამების დადასტურებული პრაქტიკა, ისევე როგორც აფგან სადიგოვის პირადი გამოცდილება, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის გამო უკვე იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.
სასამართლომ მთავრობის პოზიციაზე ჩვენი პასუხის წარდგენა მოითხოვა და ექსტრადიციის აკრძალვა ამჯერად მეორედ, 4 მარტამდე გაახანგრძლივა. ჩვენი შეპასუხება მთავრობის მოსაზრებებზე სასამართლოს 17 თებერვალს წარვუდგინეთ.
2025 წლის 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია - მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებითა და ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 14 იანვარს მიღებული დროებითი ღონისძიების (Rule 39) გახანგრძლივების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროებითი ღონისძიება ძალაში დარჩება, სანამ აფგან სადიგოვის საქმის არსებითი განხილვა სტრასბურგის სასამართლოში არ დასრულდება.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ჩვენ დღესვე ვაცნობეთ აფგან სადიგოვს. მან ამ პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ხანგრძლივი შიმშილობა შეწყვიტა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აფგან სადიგოვი პროტესტის ნიშნად უკვე 161 დღე შიმშილობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე იყო. ამ ეტაპზე აფგან სადიგოვი N18 სამკურნალო დაწესებულებაში რჩება. მას რთული და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესის გავლა მოუწევს, რომელსაც სათანადო სამედიცინო მართვა და მხარდაჭერა სჭირდება“, - ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.
ევროპულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ხანგრძლივი ვადების გათვალისწინებით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სადიგოვის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
„საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის ვადა მაქსიმუმ 9 თვეს შეადგენს და ის აფგან სადიგოვის შემთხვევაში 3 მაისს იწურება. მის ექსტრადიციას საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ვერ შეძლებს, ხოლო საქმის არსებითი განხილვა სტრასბურგის სასამართლოში შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. შესაბამისად მისი საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვება უკანონო და უსაფუძვლო იქნება. ჩვენ იმედს გამოვთქვათ, რომ სასამართლო უსაფუძვლოდ და თვითნებურად არ დატოვებს პატიმრობაში ამდენი ხნის განმავლობაში ისედაც უკანონოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტს“, - აცხადებენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე, 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს.
