სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა კიევში რუსეთის შეტევის შედეგად

31 ივლისს, გამთენიისას რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტია. შეტევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი, ხოლო დაშავდა - 82. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუსულმა ძალებმა უკრაინას 300 დრონითა და 8 რაკეტის საშუალებით შეუტიეს. მათ ჯამში კიევის ის 27 ლოკაცია დაბომბეს, სადაც ძირითადად საგანამანათლებლო დაწესებულებები და საცხოვრებელი შენობები მდებარეობს. 

როგორც კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ტიმურ ტკაჩენკო ამბობს, დაშავებულებს შორის 10 ბავშვია. ეს კიევში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთ ღამეში დაშავებული ბავშვების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

უკრაინის პრეზიდიენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, კიევის გარდა, რომელიც რუსეთის მთავარი სამიზნე იყო, შეტევის შედეგად დნიპროს, პოლტავას, სუმის და მიკოლაივის რეგიონებიც დაზარალდა. 

„დღეს სამყარომ კიდევ ერთხელ დაინახა რუსეთის პასუხი ჩვენი, აშშ-სა და ევროპის მშვიდობისკენ სწრაფვაზე. სწორედ ამიტომ, მშვიდობა ძალის გარეშე შეუძლებელია. მხოლოდ ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ მოსკოვის იძულება მშვიდობის დასამყარებლად და მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსაყვანად. მხოლოდ მათ აქვთ ამის ბერკეტები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი, რაც ახლა ამერიკისა და ევროპის მიერ ამ მიზნისკენ არის მიმართული, შესრულდება“, – აცხადებს ზელენსკი.

რუსეთის თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ფონზე მოხდა. თეთრი სახლის მიერ 29 ივლისს გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში ტრამპი ამბობდა, რომ ის რუსეთისთვის ომის შეჩერებისთვის მიცემულ ვადას 50-დან 10 დღემდე ამცირებდა. მანამდე, 14 ივლისს, ტრამპმა პუტინი გააფრთხილა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას ვერ დადებდა, შტატები 100%-იან, “მკაცრ” ტარიფებს დაუწესებდა. 

ამავე ჩანაწერის მიხედვით, ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ეს მოსკოვზე გავლენას მოახდენს, რადგან “რუსეთს ომის გაგრძელება აშკრად სურს”. 

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ახალი შეზღუდვები მოიცავს მეორად სანქციებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც კვლავაც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, გაზს და სხვა პროდუქტებს. მათ შორის არიან ჩინეთი და ინდოეთი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.