თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ხუთივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. იოსებ გოგაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
ადვოკატები აცხადებენ, რომ გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური იყო, არაფერი ჰქონდა საერთო სამართალთან და კანონთან. მოსამართლემ რომელიმე ნაწილში კვალიფიკაციაც კი არ შეცვალა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი წინასწარი მოლოდინები საქმის პოლიტიკურ მდგენელთან დაკავშირებით რეალური იყო. იოსებ გოგაშვილი დღევანდელ დღეს ფორმალობას უწოდებს, ის ამბობდა, რომ მისი განაჩენი უკვე დაწერილი იყო“, - განაცხადა გოგაშვილის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.
იოსებ გოგაშვილი, რომელიც 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, სუს-ის თანამშრომლებმა 2022 წლის 16 ივლისს, სპეცოპერაციის შედეგად, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სუს-დან პირადი მიზნებისთვის გაიტანა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პირადი და პერსონალური მონაცემები და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული ინფორმაციის ნაწილი იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით საჯაროდ გავრცელდა, რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე.
იოსებ გოგაშვილს ბრალად ედებოდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვა; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება; სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განმარტა, რომ გოგაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით მიესაჯა. ბრალდების მხარე დასაბუთებული განაჩენის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა სასჯელის ზომას.
სასამართლო სხდომები დახურული იყო.
წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას იოსებ გოგაშვილმა ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სხვა პირები, მისივე განცხადებით, არაერთ მძიმე დანაშაულში ამხილა, მათ შორის, თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებაში, არჩევნების გაყალბებაში, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, მოსამართლეებზე ზეწოლაში, მასობრივ უკანონო მიყურადებაში და ა.შ. შს მინისტრმა ყველა ბრალდება უარყო.
