სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ოხანაშვილს მდინარაძე ჩაანაცვლებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ანრი ოხანაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს, 23 აგვისტოს, სუს-ის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში ოხანაშვილი წერს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მრჩეველი იქნება.

„მსურს, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის“, – ნათქვამია ოხანაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მალევე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მისი მთავრობა მამუკა მდინარაძის კანდიდატურას წარადგენს. ბრიფინგს ოხანაშვილი და მდინარაძე არ დასწრებიან.

ანრი ოხანაშვილი სუს-ის უფროსად 4 აპრილს დაინიშნა. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მაისის ბოლო, მოტაცებით საქართველოში ჩამოიყვანეს.

ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სამსახურში, რაშიც მას, პირადად, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის“.

„მადლობა ანრი ოხანაშვილს ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას.

ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. როგორც მოგეხსენებათ, გამოწვევები საკმაოდ ბევრია ჩვენი ქვეყნის წინაშე, საკმაოდ რთული, კომპლექსური ვითარებაა ჩვენს გარშემო. არის გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული, მათ შორის, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება. ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში აწარმოებს, სწორედ, ასეთ ანალიტიკურ სამუშაოს. მიზანი იქნება ინფორმაციის დამუშავება და ამის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას. პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. აღვნიშნავ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის.

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა მდინარაძე ამჟამად „ქართული ოცნების“ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.