საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, გალში სტუდენტების დაკავების შესახებ, რომლებიც თითქოს თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„მთავარმა არხმა“ 15 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგაზრდები საკუთარი სახლებიდან აიყვანეს, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ დაკავებულების ოჯახის წევრებიც, ახალგაზრდები თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები არიან.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ის სტუდენეტები, რომლებიც ზუგდიდსა და თბილისში აქციებში მონაწილეობდნენ, როგორც კი უკან დაბრუნდნენ და საოკუპაციო გამყოფი ხაზი გადაკვეთეს, სამი მანქანით დახვდნენ და ყველანი დაკითხვაზე გადაიყვანეს.
ასევე, ჩემი ინფორმაციით, ამ 13 სტუდენტს ანახეს მათი პოსტები Facebook-ზე, ფოტოები აქციიდან. ძალიან სერიოზული ზეწოლისა და აგრესიის ქვეშ არიან არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ მათი მშობლებიც“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ 15 მაისს, საღამოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ.
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სტუდენტების დაკავება არ დასტურდება.
„სხვადასხვა რაოდენობრივი მონაცემი ვრცელდება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოვიკითხეთ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამ ეტაპზე, მათ არ დაადასტურეს დაკავების ფაქტი. დღის განმავლობაში ცხელი ხაზი კიდევ ერთხელ გააქტიურდება. ინფორმაცია გადამოწმდა ჩვენს ხელთ არსებული სხვა საშუალებებითაც და ამ ეტაპზე არ დასტურდება“, - აღნიშნა ანთაძემ.
დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
„წინა შეხვედრიდან დღემდე [მარტი, აპრილი, მაისი] დაფიქსირდა უკანონო დაკავების 9 შემთხვევა. დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 7 თანამოქალაქე. დანარჩენ შემთხვევებში, მოლაპარაკებების არსებული მექანიზმების გამოყენებით, შესაძლებელი გახდა უკანონოდ დაკავებულები საკუთარ ოჯახებში დაბრუნებულიყვნენ. თუმცა, ჩვენ გვყავს უკანონოდ დაკავებულები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არიან უკანონო პატიმრობაში. ერთადერთი, რასაც შეუძლია განმუხტოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის დაძაბული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ეს გახლავთ ნულოვანი დაკავების პოლიტიკის ინიციატივა, რაც ჩვენგან არის შეთავაზებული, შიშის გარეშე რომ შეძლონ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელება“, - განაცხადა ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე.
სუს-ის მონაცემებით, ბოლო სამ თვეში დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 15 შემთხვევა, მარტში 3, აპრილში 9, მაისში 3. „უკანონო პროცესის არეალი გახლავთ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. აღმართულ იქნა ან შეკეთდა ადრე უკანონოდ აგებული ე.წ. ინსტალაციები. ეს არის ღობეები, მავთულბადეები. გარდა ამისა, განახლდა სათვალთვალო კამერები.
რაც შეეხება თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქს, სამწუხაროდ, ეს ფაქტი არის ჩვენი დღის წესრიგის უცვლელი საკითხი. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ამ საკითხს და დავინტერესდებით, მოხდა თუ არა სამართლებრივი პროცედურების დაწყება ამ მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ, მოვისმენთ მათ პოზიციას. რაც შეეხება უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელურის საკითხს, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. აღნიშნული ცნობილია ცხინვალელი მონაწილეებისთვის, რადგან ჩვენ გავუზიარეთ სამედიცინო დოკუმენტაცია. არის შემთხვევები, როცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაზიარების შემდეგ, მხედველობაში მიიღება სამედიცინო მონაცემები და გვაქვს იმედი, როგორც რამაზ ბეღელურის, ასევე, 6 დანარჩენი უკანონოდ დაკავებულის შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შევძლებთ გარკვეული ზემოქმედების მოხდენას, რომ ისინი დაბრუნდნენ თავის ოჯახებში“, - განაცხადა ანთაძემ.