დღეს, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსმა სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს. თამაზ გინტური სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ვეტერანი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სროლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.
„ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილია. სავარაუდოდ, ის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
თამაზ გინტურის მკვლელობის და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებზე გამოძიება შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და143-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ამ თემაზე - ვითხოვთ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას და დოთიაშვილის გადმოცემას - ანთაძე
კირბალის მცხოვრებლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა თამაზ გინტურს ჩასაფრება მოუწყეს
„სოფელ კირბალთან მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კირბალში რუსი სამხედროების მიერ ადგილობრივი მცხოვრებლის მკვლელობას.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად“, - აღნიშნავს პრემიერი.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო.
ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ სახეს.
სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი „ტვიტერი“).
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან მოხდა. თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ეკლესიაში სანთლის დასანთებად სასაფლაოდან წავიდნენ. ეს სწორედ ის ტაძარია, რომლის კარიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ცოტა ხნის წინ, თუნუქის ფირფიტით აჭედეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ 28 აგვისტოს გაავრცელა.
სოფელი კირბალი ქალაქ გორიდან 30 კილომეტრშია და 500-მდე ადამიანი ცხოვრობს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საოკუპაციო ხაზს იქით აღმოჩნდა სოფლის სასაფლაო და ასობით ჰექტარი მიწა.
კირბალი გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა. სოფელში თითქმის ოჯახი არ არის დარჩენილი, რომლის ერთი წევრი მაინც რუს სამხედროებს არ ჰყავდეთ დაკავებული და ცხინვალის იზოლატორში გადაყვანილი. რუსი სამხედროები ადგილობრივ მცხოვრებლებს მაშინ აკავებენ, როცა ისინი საქონელს მწყემსავენ, ტყეში შეშის მოსატანად მიდიან ან ეკლესიაში სალოცავად.
რამდენიმე დღის წინ, 26 ოქტომბერს სწორედ ამ ეკლესიაზე თქვა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომ რუსმა სამხედროებმა ეკლესიის კარი მას შემდეგ აჭედეს, რაც ვიღაცამ იქ საქართველოს დროშა ააფრიალა.
„მოკლედ, გეტყვით რა მოხდა იმ ტაძარში ცოტა ხნის წინ. რაღაც პერიოდის წინ, იქაც შესაძლებელი იყო გადასვლა. წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ
ვიღაცამ იქ ქართული დროშა ააფრიალა, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს - აეჭედათ კარი და შეეზღუდათ შესვლა.
ასეთი ტაძრები გორის რაიონში რამდენიმე გვაქვს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, დუშეთის სოფელ მლეთის მცხოვრებლებმა გაავრცელეს ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ რუსი სამხედროები მთიულეთში, ლომისის ქედზე მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში არიან და ტერიტორიას დრონის და სხვა ტექნიკის გამოყენებით ზვერავენ.
მეორე დღეს ლომისის ტაძარში ანდრია ჯაღმაიძე ავიდა და საზოგადოებას მოუწოდა, სიტუაცია არ გაამწვავონ. „იქამდე ნუ მივიყვანთ, როგორც იმ ლომისის ტაძარშია, რომელიც არის გორის რაიონში. იქ ასე დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით და პათოსით ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი. მისვლის საშუალებაც არ აქვს არავის. ეს არის საფრთხილო ზონა. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ზონა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ადგილობრივმა მღვდელმა დავით ბურდულმა კი თქვა, რომ რუსი სამხედროები მათთან სულ ადიან, არანაირ დაძაბულობას არ უქმნიან და ყოველთვის „თბილად და სიყვარულით მიდიან“.