„სოფელ კირბალთან მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 6 ნოემბერს, გორის რაიონის სოფელ კირბალში რუსი სამხედროების მიერ ადგილობრივი მცხოვრების თამაზ გინტურის მკვლელობას. ღარიბაშვილის წერილობითი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა - უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად“, - აღნიშნავს პრემიერი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან მოხდა. ეს სწორედ ის ტაძარია, რომლის კარიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ცოტა ხნის წინ, თუნუქის ფირფიტით აჭედეს.
სოფელი კირბალი ქალაქ გორიდან 30 კილომეტრშია და 500-მდე ადამიანი ცხოვრობს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საოკუპაციო ხაზს იქით აღმოჩნდა სოფლის სასაფლაო და ასობით ჰექტარი მიწა. კირბალი გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა. სოფელში თითქმის ოჯახი არ არის დარჩენილი, რომლის ერთი წევრი მაინც რუს სამხედროებს არ ჰყავდეთ დაკავებული და ცხინვალის იზოლატორში გადაყვანილი. რუსი სამხედროები ადგილობრივ მცხოვრებლებს მაშინ აკავებენ, როცა ისინი საქონელს მწყემსავენ, ტყეში შეშის მოსატანად მიდიან ან ეკლესიაში სალოცავად.
