კირბალის მცხოვრებლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა თამაზ გინტურს ჩასაფრება მოუწყეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

კირბალიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილის მამა, იური დოთიაშვილი

„ამის გატაცება რომ მოეხერხებინათ, მაინც მოკლავდნენ წამებით. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა. არ გაჰყვა და გამიზნულად მოკლეს. ბევრი რუსი ყოფილა, ერთი ან ორი რუსი ვერ მოერეოდა. ზურგში აქვს რამდენიმე ტყვია მოხვედრილი“, - სოფელ კირბალის მცხოვრებლების ინფორმაციით, რუსი სამხედროები დაჭრილ თამაზ გინტურთან არავის უშვებდნენ, რის გამოც ის ადგილზევე დაიღუპა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კიდევ ერთი ადგილობრივი მკვიდრის თქმით, დაჭრის შემდეგ რუსმა სამხედროებმა თამაზ გინტური თავისივე მანქანაში ჩააგდეს და ავტომობილთან მიახლოების უფლებას არავის აძლევდნენ.

„გავრბოდი და დამიჭირეს. არ გამიშვეს, რომ მენახა, თორემ შეიძლება ცოცხალიც იყო და გადაგვერჩინა. ჩემ ბიჭს დაარეკინეს თამაზის ტელეფონით 112-ში, რომ კაცია დაჭრილი და წაიყვანეთო. ჩემი შვილი ცხინვალში წაივანეს. ეგრე ვიცით, რომ მას დაზიანება არ აქვს“, - უთხრა ჟურნალისტებს გატაცებული ლევან დოთიაშვილის მამამ.

ამ თემაზე - 2008 წლის ომში იბრძოდა, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც - მოკლული თამაზ გინტურის ძმა

სამართალდამცავები მედიის წარმომადგენლებს კირბალში მთელი ღამის განმავლობაში არ უშვებდნენ და სოფელში შესვლის უფლება მხოლოდ დღეს, დილით მისცეს.

„საქონელი არა, სალოცავი არა,  ეკლესია არა, ეს სიცოცხლეა? სიტყვას ვიტყვით და გვეშინია, არავინ მოგვივარდეს, არავინ გვესროლოს და მოგვკლას“, - ამბობს კირბალში მცხოვრები ქალი.

სოფელ კირბალში რუსმა სამხედროებმა თამაზ გინტური 6 ნოემბერს მოკლეს. მასთან ერთად მყოფი, ამავე სოფლის მცხოვრები 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ.

კირბალის მცხოვრებლები ლომისის ეკლესიაში სანთლის დასანთებად იყვნენ. დანაშაული სწორედ ამ დროს მოხდა.

2023 წლის აგვისტოდან რუსი სამხედროები ლომისის ეკლესიაში კირბალის მცხოვრებლებს აღარ უშვებენ. ეკლესია მცოცავი ოკუპაციის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოაქციეს. საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა თუნუქის ფირფიტით აჭედეს ეკლესიის კარიც.

თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმრის სათქმელად მისულმა სასულიერო პირმა მედიას უთხრა, რომ ეს მსხვერპლი სოფელს, ოსებსა და რუსებს შორის ურთიერთობაში უნდა გახდეს არა დაპირისპირების საფუძველი, არამედ თითოეული ასეთი მსხვერპლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის სანთლად უნდა იქცეს.

ბერშუეთის ეკლესიის წინამძღვარი ანდრია მიდოდაშვილი

„თითოეულ ტაძარს, იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენ ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს, რუსები, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხი გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ყველა შემთხვევაში გენაცვალე, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, - თქვა სასულიერო პირმა.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებს გუშინვე მოსთხოვა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაბრუნება და თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯა.

კირბალი გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა. სოფელში თითქმის ოჯახი არ არის დარჩენილი, რომლის ერთი წევრი მაინც, სხვადასხვა დროს რუს სამხედროებს არ ჰყავდეთ დაკავებული და ცხინვალის იზოლატორში გადაყვანილი. რუსი სამხედროები ადგილობრივ მცხოვრებლებს მაშინ აკავებენ, როცა ისინი საქონელს მწყემსავენ, ტყეში შეშის მოსატანად მიდიან ან ეკლესიაში სალოცავად.

პატრულირებდნენ თუ არა ქართული საპოლიციო ძალები მკვლელობის დროს კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე და სად იყვნენ სამართალდამცავები, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები ისროდნენ, ამ კითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ ასე უპასუხა: „საპოლიციო ძალები ახორციელებენ პატრულირებას, მაგრამ როგორც საოკუპაციო რეჟიმმა განგვიცხადა, ეს მოხდა ეკლესიასთან. ეკლესია, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს“.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვალერი თელიას განცხადებით, „ადგილზე მობილიზებული იყო იმდენი სამართალდამცავი, რამდენიც საჭიროა. ისინი ბაზაზე არიან დისლოცირებული და იქით (ოკუპირებულ) ტერიტორიებზე ჩვენ არ გადავდივართ“. მისივე თქმით, პოლიციელები ჯერჯერობით გინტურის კუთვნილ მანქანამდე არ მისულან. „მანქანა დგას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორც კი გვექნება მისვლის, დათვალიერების საშუალება, ამის შემდეგ მოგახსენებთ. გამოძიება მიმდინარეობს და ძალიან მალე დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ“, - განაცხადა თელიამ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, დაკავების მცდელობისას გინტურმა და დოთიაშვილმა მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. „საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით, მათ სცადეს ავტომობილით მესაზღვრეს შეჯახებოდნენ და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ. ამ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და მას შემდეგ, რაც სამართალდამრღვევები კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გაუხსნეს მათი ავტომობილის საბურავებს. ე.წ. „საზღვრის“ ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქართულ მხარეს გადაიყვანეს, მეორე კი დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ ეს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის პირველი შემთხვევა არ არის.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დაკავების შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც ძალის გამოყენება გახდა საჭირო, რა დროსაც დაკავებული იზოლატორის კიბეზე დაგორდა. ცხინვალის ვერსიით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში გადაყვანიდან ორ საათში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ გადმოსცეს.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან - ე.წ. მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით გიგა ოთხოზორიამ დატოვა გამშვები პუნქტის ტერიტორია და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას დაედევნენ ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები, მათ შორის, შეიარაღებული მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამდენჯერმე ესროლა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.