2008 წლის ომში იბრძოდა, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც - მოკლული თამაზ გინტურის ძმა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი მშობლების საფლავზე. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და მოინდომა ლომისის ეკლესიაში ასვლა. ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები. რომ წამოვიდა, უკნიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო“, - უთხრა ჟურნალისტებს გორის რაიონის სოფელ კირბალში, რუსი სამხედროების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მისივე თქმით, თამაზ გინტური წოდებით მაიორი იყო და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში ნამდვილად იბრძოდა.

„მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც. 9 კაცი იყო და 9 კაცს ორი კაცი როგორ გაუსწორდებოდა. 9 ავტომატიანს ხელით ხომ ვერ გაუსწორდებოდნენ“ - ამბობს ნიკოლოზ გინტური.

მკვლელობა გუშინ, 6 ნოემბერს მოხდა. თამაზ გინტურთან ერთად მყოფი, ამავე სოფლის მკვიდრი 33 წლის ლევან დოთიაშვილი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ.

სოფელ კირბალის მცხოვრებლების ინფორმაციით, რუსი სამხედროები დაჭრილ თამაზ გინტურთან არავის უშვებდნენ. 112-ზე ლევან დოთიაშვილს მოკლულის ტელეფონით დაარეკინეს და შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებს თამაზ გინტური უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

დღის ბოლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ტელევიზიამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ გახსნეს აჭედილი ეკლესიის კარი თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებს გუშინვე მოსთხოვა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაბრუნება და თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ დაკავების მცდელობისას გინტურმა და დოთიაშვილმა მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს. „საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით, მათ სცადეს ავტომობილით მესაზღვრეს შეჯახებოდნენ და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ. ამ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და მას შემდეგ, რაც სამართალდამრღვევები კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გაუხსნეს მათი ავტომობილის საბურავებს. ე.წ. „საზღვრის“ ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქართულ მხარეს გადაიყვანეს, მეორე კი დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ კირბალში დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა. პრტეზიდენტმა დღეს კომენტარი არ გააკეთა, თუმცა გუშინ თქვა, რომ „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ სახეს“. „8 ნოემბერს იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაპირებდით 8 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. რადგან რუსეთმა კიდევ სცადა შეგვიცვალოს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ მართლაც დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, შევცვალეთ ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი. ჩვენ შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში. ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებას „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს არ ეკადრება „ადამიანის სიკვდილით გახარებული“ პოლიტიკოსების ჯგუფი, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი.

„რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ხალხიც უნდა გამოვიდეს, აქციაც უნდა ჩატარდეს, თავის პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ადამიანის სიკვდილით ასეთი გახარებული პოლიტიკოსთა ჯგუფი და სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.