საქართველოში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ არსებობს „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების“ საფრთხე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
სუსის მიერ, დღეს, 8 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, „პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც
მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით,
საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს.
კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება“, - სუსი კონკრეტულ პირებს არ ასახელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ აქციების ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება.
„ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონის განმეორებით მიღების მცდელობას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც ხელისუფლებამ რამდენჯერმე დაარბია. მორიგი დემონსტრაცია 11 მაისს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის ოქტომბერშიც გაავრცელა განცხადება მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების დამხობის გეგმების შესახებ. მაშინაც, სუსი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირების ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.