საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
კობახიძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა, „ქართულ ოცნებას“ უარყოფითი მოლოდინი აქვს „რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით“. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მისი პარტიის რეიტინგი 60%-ია და ასეთ ვითარებაში, ოპოზიცია მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებით ნაკლებადაა დაინტერესებული.
„ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში. სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში - საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულისწუხილის მიზეზია და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება“, - თქვა კობახიძემ.
მან საზოგადოებას მოუწოდა, იყოს ფხიზლად და „რადიკალური ოპოზიციის“ ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი პროვოკაცია სათანადოდ შეაფასოს.
ბრიფინგზე ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, რის საფუძველზე გაავრცელა ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის რისკის შესახებ ინფორმაცია, რაზეც მან უპასუხა, რომ ამგვარი გამოცდილება უკვე არსებობს და კონკრეტულ ცნობებს ოპოზიციური პარტიებიდანაც იღებენ.
„ასეთ თემებზე მუდმივად არის საუბარი ოპოზიციური პარტიების შიგნით. ასევე, ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როცა უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე. გამოცდილებაც არსებობს, ასეთი საუბრები არის ოპოზიციური პარტიების შიგნით, რაზეც ჩვენ მრავლად მოგვდის ინფორმაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არის მიმდინარე გამოძიება, რომელიც „ასეთი ტიპის გეგმებთან“ არის დაკავშირებული.