თავდაცვის ექს-მინისტრმა ცოლისძმის და ყოფილი თანამშრომლების დაკავებაზე კომენტარი გააკეთა

„არ მგონია, რომ აქ რაიმე პოლიტიკური ინტერესი ან დავალება იყოს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით მისი ყოფილი მოადგილის, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის და ცოლისძმის დაკავებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ტელეკომპანია „პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში, ბურჭულაძემ თქვა, რომ დარწმუნებულია, სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ბრალეულობა არ დადასტურდება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გაირკვევა სიმართლე და ჩემი თანამშრომლების ბრალეულობა, დარწმუნებული ვარ, ამ საკითხში არ იქნება.

რაც შეეხება, რაც სასამართლოდან გამომდინარე გავიგე და ინფორმაცია მაქვს - ბუნებრივია, ჩემი ოჯახის წევრები სასამართლოს ესწრებოდნენ - აქ მხოლოდ და მხოლოდ, თუ საბუთების გაყალბებას აქვს ადგილი, ეს შეიძლება კერძო კომპანიის ინტერესში შედიოდეს. მე თეორიულად ვერ ვუშვებ, რატომ შეიძლება შედიოდეს უწყების ინტერესში, რომ კერძო კომპანიას საბუთები გაეყალბებინა. რაც შეეხება ჩემს ნათესავს, როგორც ვიცი, ხელშეწყობა აქვს გაყალბების, ამ შემთხვევაშიც ვერ წარმომიდგენია რატომ შეიძლება ჩემი ნათესავის ინტერესში შედიოდეს, რომ ხელი შეეწყო საბუთების გაყალბებაში. თუმცა, თუ მან ასეთ რამეში მიიღო მონაწილეობა, ბუნებრივია, უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ნათესავის დაკავებამდე იცოდა, რომ „საქმე ინტერესის სფერო“ იყო.

„ბუნებრივია, აქ რომ რაღაც პრობლემა იყო ამასთან დაკავშირებით ვიცოდი, ნათესავიდან გამომდინარე, თუმცა დეტალები არ ვიცოდი. დაკითხვაზე იყო მანამდეც ჩემი ნათესავიც და ამასთან დაკავშირებით მქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც პრობლემა იყო. [...] მაშინ დეტალები არ გამივლია მე, სავარაუდოდ, თვითონაც ნაკლებად იყო ინფორმირებული და მეც არ მინდოდა, სიმართლე რომ გითხრათ, მცოდნოდა დეტალები ამ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

ბურჭულაძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, გამოძიების პროცესი „გრიფიანია“ და გაუთქმელობის ვალდებულებაც არსებობს.

„თუ გამოძიება გაგრძელდება და რაიმე ახალი გარემოება გამოვლინდება, მე მზად ვარ, [შეკითხვებს] ვუპასუხო “, - თქვა მან.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყებას მის კვალზე უნდა გასვლა, ან სამიზნე სწორედ ის არის, ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ ინტერესს ვერ ხედავს.

„არ მგონია, რომ აქ რაიმე პოლიტიკური ინტერესი იყოს ან დავალება... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელოვნურობის განცდა მე არ მიჩნდება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, ბოლო პერიოდში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და მასთან „ერთხელ ჰქონდა კონსულტაცია“.

„ამ თემასთან დაკავშირებით აინტერესებდა, მე რა ინფორმაცია მქონდა. [...] არ მგონია, რომ ეს [გამოძიება] ახლა ან მე მეხებოდეს, ან ყოფილ პრემიერს რამენაირად.

არ მაქვს მე ესეთი ინფორმაცია, რომ შეიძლება სხვა სამინისტროებში რაიმე გამოძიება მიმდინარეობდეს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედ ხელმძღვანელობასთან - მაგალითად, ირაკლი კობახიძესთან, კახა კალაძთან ან მამუკა მდინარაძესთან - კომუნიკაცია, „ამ საკითხთან დაკავშირებით და ისედაც“, არ აქვს.

27 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძე დააკავა.

საქმის მასალების მიხედვით, 2023 წელს ხაინდრავამ და ღუდუშაურმა, მხეიძის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის (MRT) აპარატის შეძენის პროცესში არაკონკურენტული გარემო მიზანმიმართულად შექმნეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად.

„დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი“, - აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურა ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვას, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას ედავება. მხეიძე და ხაინდრავა ბრალს არ აღიარებენ, ღუდუშაური კი დუმილის უფლებით სარგებლობს.

სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 სექტემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.