თავდაცვის სამინისტროდან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი თანამშრომლები გაათავისუფლეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი

აქართველოს თავდაცვის სამინისტროდან რეორგანიზაციის საფუძვლით გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გაემიჯნენ და ნოემბრის ბოლოს შესაბამის განაცხადებას მოაწერე ხელი. მათმა ნაწილმა გათავისუფლების შესახებ საჯაროდ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩემს „დაუმორჩილებლობასთან“ დაკავშირებით გამომიცხადეს ე.წ. „განაჩენი“. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის მოადგილის შტატი გამიუქმეს და უსამსახუროდ მტოვებენ. 2015 წლიდან უწყებაში, რომელშიც ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგებთან ერთად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მრავალი ფინანსური ხარჯითა და საინტერესო წამოწყებით სტრატკომის ინიციატივას ვაშენებდით, ბოლო რამდენიმე წელია პროფესიული იმპოტენციისა და სისტემური შლის მაგალითად იქცა.

და როდესაც დავაფიქსირე, რომ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია საქართველოს გარდაუვალი, ერთადერთი მომავალია, სამსახური დავკარგე. დღეს კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ სწორად მოვიქეცი! შეუძლებელია ასე გაგრძელდეს ნგრევა“, - წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში მაკა კევლიშვილი.

სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება სტრატეგიული კომუნიკაციებისა დასაზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან კიდევ ერთმა თანამშრომელმა, მარიამ ობოლაშვილმა მიიღო.

„ვრჩები ქართველი ხალხის, ევროპული ღირებულებების და საქართველოს საუკეთესო ეროვნული ინტერესების ერთგული“, - წერს ის.

სამინისტროდან გაათავისუფლეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელი მიშა რამაზაშვილი. ის თავდაცვის სამინისტროში 2016 წლიდან მუშაობდა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელმომწერთა შორისაა.

„9 წლისა და 2 თვის შემდეგ, აღმოჩნდა რომ თავდაცვის სამინისტრომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების საჭიროება ვერ დაინახა. [...] ევროატლანტიკური გზა, რომელიც ერთადერთ სწორ გზად მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, იყო ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი ამ კედლებში ყოფნისა - მთელი ამ წლების განმავლობაში.

ქვეყნის მთავარი კანონის 78-ე მუხლის ერთგულება და შესაბამისი განცხადების ხელმოწერა, გამოხატავდა ჩემი პრინციპებისა და სახელმწიფოს მიერ არჩეული გზისადმი მტკიცე ერთგულების აქტს და აბსოლუტურად არაფერ სხვას. სამშობლოს ცნება მეტია, ვიდრე ხელფასი“, - ამბობს რამაზაშვილი.

რეორგანიზაციის საფუძვლით სამსახურიდან გაუშვეს ანანო გორგოძეც. როგორც ის ამბობს, გაუქმებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება, სადაც 2017 წლიდან მუშაობდა.

„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მე და ჩემმა განყოფილებამ შევქმენით მთლიანი პრაქტიკა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით. კიდევ შორს წავალ და ეს პრაქტიკა სხვა სამინისტროებსაც მთელი გულუხვობით გავუზიარეთ.

როგორც პეტიციის ხელმომწერი, ცოტა შეურაცხყოფილადაც ვიგრძნობდი თავს რომ დავეტოვებინე“, - წერს Facebook-ში გორგოძე.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება 29 ნოემბერს გაავრცელეს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსებაზე.

50-ზე მეტმა ადამიანმა განცხადებაზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგული რჩებიან. აღნიშნული მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა, ასევე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი.

საჯარო მოხელეთა გათავისუფლების პროცესი სხვა უწყებებშიც მიმდინარეობს.

დეკემბერში „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები. შედეგად, აღარ იქნება შესაძლებელი რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას მოხელის იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანა. გარდა ამისა, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებულის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ გამოიწვევს საჯარო სამსახურში მის აღდგენას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.