„ჩვენი, ქართველების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგენტურით გაჯერებული ოპოზიცია ამჯერადაც უარს იტყვის საქართველოს ინტერესების გატარებაზე, გააგრძელებს გარე დავალებების შესრულებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ ცვლილებებს წინ აღუდგება. სწორედ ამიტომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„განვლილმა რამდენიმე წელიწადმა თვალსაჩინო გახადა, რომ რეგიონში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, შესაძლებლობის გაჩენისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის, ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა და სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს კორელაციაში, რისი ერთადერთი გზაც კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა“, - თქვა ივანიშვილმა. პარტიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ამბროლაურშიც ის ცალკე ტრიბუნასთან, ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა იდგა.
ზუსტად იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ივანიშვილმა 21 აგვისტოს, მცხეთაშიც:
„დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია.
კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს“.
ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ აპირებს.
„ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება. მას შემდეგ, რაც რუსეთის დავალებით ივანიშვილმა საქართველოს წინაშე გახსნილი ევროკავშირის კარი ჩაკეტა და განზრახ მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიან გაწევრიანებაზე შეაჩერა, ივანიშვილი გეგმის შემდგომ ეტაპზე გადადის. ნათელია, რომ ის აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ აპირებს.
ეს არის გზა აფხაზეთის აღიარების და საქართველოს ღალატის ბიძინას რუსული გეგმისკენ. საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რისთვისაც როგორც თავად ამბობს, მას თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება - ეს არის სწორედ ამ მზაკვრული, მოღალატეობრივი გეგმის ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციაში არის ძალიან მკაფიო, ცალსახა ჩანაწერი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე. სწორედ ამ ჩანაწერს უმიზნებს ბიძინა ივანიშვილი, როდესაც საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
