აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის მომზადება დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
„თეთრ სახლში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პატივცემულ სტუმრებთან - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, რომელიც შემდეგ ოვალურ კაბინეტში შეხვედრით დასრულდა“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც ევროპული ქვეყნები უზრუნველყოფენ შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. როგორც ტრამპმა აღნიშნა, „ყველა ძალიან ბედნიერია რუსეთსა და უკრაინაში მშვიდობის შესაძლებლობით“.
„შეხვედრების დასრულების შემდეგ, დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის მომზადება. ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვექნება სამმხრივი შეხვედრა, რომელიც ორი პრეზიდენტის და ჩემი მონაწილეობით გაიმართება.
კიდევ ერთხელ, ეს იყო ძალიან კარგი, პირველი ნაბიჯი ომში, რომელიც თითქმის ოთხი წელია მიმდინარეობს. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი კოორდინაციაში არიან რუსეთსა და უკრაინასთან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი, თუმცა, მან ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, რომ პუტინს „ეყოფა გამბედაობა“, ზელენსკის შეხვდეს.
თეთრ სახლთან გამართულ ბრიფინგზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სწორედ რუსეთმა შესთავაზა ტრამპს ჯერ ორმხრივი, შემდეგ კი სამმხრივი შეხვედრის ჩატარება სახელმწიფოს მეთაურების დონეზე. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მზად იყო პუტინს ყოველგვარი პირობის გარეშე შეხვედროდა.
კრემლმა დაადასტურა პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი, თუმცა არ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის მზადყოფნა, შეხვდეს უკრაინის ლიდერს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ პუტინმა და ტრამპმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების „დონის ამაღლების“ შესაძლებლობა. ვლადიმირ პუტინმა ადრე უარი თქვა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.
