ტრამპის ბრძანების შემდეგ „ამერიკის ხმამ“ მუშაობა შეაჩერა

„ამერიკის ხმამ“ მუშაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) თანამშრომლების შემცირების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. აღნიშნული სააგენტო „ამერიკის ხმას“ და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სხვა სამაუწყებლო ორგანიზაციებს, მათ შორის „რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას“ ზედამხედველობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

15 მარტს, „ამერიკის ხმის“ თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ ისინი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს შემდგომ შეტყობინებამდე. ორგანიზაციის დირექტორის, მაიკლ აბრამოვიცის თქმით, ამ შინაარსის წერილი დაახლოებით 1300 თანამშრომელმა მიიღო.

„პირველად 83 წლის განმავლობაში, ლეგენდარული ამერიკის ხმა გაჩუმდა", - განაცხადა აბრამოვიცმა.

მისივე თქმით, „ამერიკის ხმა“ საჭიროებს რეფორმას და ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა:

„მაგრამ დღევანდელი ქმედებები „ამერიკის ხმას“ ხელს შეუშლის თავისი სასიცოცხლო მისიის შესრულებაში. ეს მისია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ამერიკის მოწინააღმდეგეები, როგორებიც არიან ირანი, ჩინეთი და რუსეთი, მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, რათა შექმნან ცრუ ნარატივები შეერთებული შტატების დისკრედიტაციისთვის“.

„ამერიკის ხმა“ მხარს უჭერს თავისუფლებას და დემოკრატიას მთელს მსოფლიოში ამერიკის ისტორიის მოთხრობით და ობიექტური და დაბალანსებული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდებით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ტირანიის ქვეშ ცხოვრობს. მაშინაც კი, თუ სააგენტო რაიმე ფორმით გადარჩება, ადმინისტრაციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედებები სერიოზულად დააზარალებს „ამერიკის ხმის“ უნარს, ხელი შეუწყოს უსაფრთხო და თავისუფალ სამყაროს და ამით ვერ დავიცავთ აშშ-ის ინტერესებს“.

აბრამოვიცმა მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს გაწეული მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ მათ შორის ბევრი ავტორიტარული ქვეყნებიდაა, სადაც ჟურნალისტად თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

თეთრმა სახლმა 15 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც „ამერიკის ხმის“ სარედაქციო გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და მას „რადიკალური ამერიკის ხმას“ უწოდებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ აცხადებს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას მთელს მსოფლიოში და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად ამერიკის 80-წლიან ძალისხმევას აუქმებს.

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, დაიცვას გლობალური მედიის სააგენტო, „რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას“. კომიტეტის ინფორმაციით, 2023 წელს „ამერიკის ხმის“ გლობალური აუდიტორია 250 მილიონი იყო, ხოლო „რადიო თავისუფლება“ ყოველ კვირას 47 მილიონზე მეტს აღწევს.

„რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას“ საქმიანობის შეჩერების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.