ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა შესაძლოა საუდის არაბეთში შედგეს. ამის შესახებ ტრამპმა 12 თებერვალს, პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრების შემდეგ, თეთრ სახლში რეპორტიორებთან განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
ტრამპის თქმით, მას და პუტინს „ხანგრძლივი და ძალიან პროდუქტიული“ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, განიხილეს „უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის ძალა და სხვა სხვადასხვა საკითხები“.
„ჩვენ ორივემ ვისაუბრეთ ჩვენი ერების დიდ ისტორიაზე და იმაზე, თუ რამდენად წარმატებით ვიბრძოდით ერთად მეორე მსოფლიო ომში, გავიხსენეთ, რომ რუსეთმა დაკარგა ათობით მილიონი ადამიანი და ჩვენ, თავის მხრივ, ძალიან ბევრი დავკარგეთ! ჩვენ თითოეულმა ვისაუბრეთ ჩვენი ერების ძლიერ მხარეებზე და იმ დიდ სარგებელზე, რაც ერთ დღეს გვექნება ერთობლივი მუშაობით.
მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ ორივე შევთანხმდით, რომ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის სიკვდილი, რასაც ადგილი აქვს რუსეთ-უკრაინის ომში. პრეზიდენტმა პუტინმაც კი გამოიყენა ჩემი ძალიან ძლიერი კამპანიის დევიზი - „საღი აზრი. ჩვენ ორივეს ძალიან გვჯერა ამის.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავოთ, ძალიან მჭიდროდ, მათ შორის, ვესტუმროთ ერთმანეთის ქვეყნებს. ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენმა შესაბამისმა გუნდებმა დაუყონებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები. ჩვენ დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან დარეკვით, რათა შეატყობინოთ მას ამ საუბრის შესახებ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
12 თებერვალს დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინის მსგავსად, უკრაინის პრეზიდენტსაც მშვიდობა სურს.
„საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენ განვიხილეთ ომთან დაკავშირებული სხვადასხვა თემა, მაგრამ ძირითადად, შეხვედრა, რომელიც პარასკევს გაიმართება მიუნხენში, სადაც დელეგაციას უხელმძღვანელებენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. იმედი მაქვს, რომ შეხვედრის შედეგები დადებითი იქნება.
დროა შეწყდეს ეს სასაცილო ომი, სადაც იყო მასიური და სრულიად არასაჭირო სიკვდილი და განადგურება. ღმერთმა დალოცოს რუსეთისა და უკრაინის ხალხი!“, - დაწერა ტრამპმა საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და არც თარიღია შეთანხმებული, თუმცა ის შესაძლოა „უახლოეს მომავალში“ შედგეს. რეპორტიორებთან საუბრის დროს ტრამპმა მიანიშნა, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ამ შეხვედრაში თავის როლს შეასრულებს. „ჩვენ ორივე ვიცნობთ მემკვიდრე პრინცს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ადგილი იქნება“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)