უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში პარასკევს, 28 თებერვალს ჩავა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, ისინი ხელს მოაწერენ „ძალიან დიდ შეთანხმებას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, უკრაინისთვის რა ტიპის უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვის არის მზად, რაზეც დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არ აპირებს მეტისმეტად დიდი გარანტიების მიცემას, რადგან ეს უკრაინის მეზობელმა ევროპამ უნდა გააკეთოს.
„ჩვენ ნამდვილად ვითანამშრომლებთ უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის კუთხით. […] მე არ მსურს მეტი ფულის გადახდა, რადგან ბაიდენმა დახარჯა 350 მილიარდი დოლარი მისი დაბრუნების შანსის გარეშე. ახლა ჩვენ ვაპირებთ დავიბრუნოთ მთელი ეს ფული, პლუს კიდევ მეტი. [...]
ჩვენ შევძლებთ გარიგების დადებას. პრეზიდენტი ზელენსკი მოდის, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას და ეს დიდი რამ არის. ეს ასევე ძალიან კარგია უკრაინისთვისაც, რადგან ისინი მიგვიყვანენ იქ, ჩვენ კი იქ ვიმუშავებთ. ადგილზე ვიქნებით. ეს ერთგვარი ავტომატური უსაფრთხოებაა, რადგან ჩვენს ხალხს იქ ყოფნისას ვერავინ შეაწუხებს“, - განაცხადა ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მისთვის და მსოფლიოში ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის დახმარება არ შეჩერდეს. „ძალა აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის მთავრობა მზად არის შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შესახებ გარიგებას ხელი მოაწეროს. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების ძირითადი პუნქტები იქნება შემდეგი:
- უკრაინა და აშშ შექმნიან აღდგენის საინვესტიციო ფონდს, რომელიც იქნება ერთობლივი საკუთრებადა ორივე ქვეყნის მთავრობა ერთობლივად მართავს;
- უკრაინის წიაღისეული და რესურსები უკრაინას დარჩება, არ გადავა შეერთებული შტატების ან სხვის საკუთრებაში;
- უკრაინა ფონდში შეიტანს თავისი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან მომავალი შემოსავლების 50%-ს;
- შეერთებული შტატები ფონდში განახორციელებს შენატანებს სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტების და სხვა აქტივების სახით, რომლებიც მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;
- ფონდის მიერ შეგროვებული თანხების ინვესტირება განხორციელდება ექსკლუზიურად უკრაინის აღდგენის პროექტებში;
- შეთანხმება ითვალისწინებს ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის ვალდებულებებს.
მედიაში გამოქვეყნებული შეთანხმების პროექტის მიხედვით, დოკუმენტი არ მოიცავს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა მე-10 პუნქტში არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ „შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას, მოიპოვოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობის შესაქმნელად“. გარდა ამისა, მხარეები „შეეცდებიან განსაზღვრონ ნებისმიერი აუცილებელი ნაბიჯი ურთიერთინვესტიციების დასაცავად“.
