ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი კამათის შემდეგ, მერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდება შეუჩერა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა Fox News-ს განუცხადა, რომ „ეს არ არის დახმარების მუდმივი შეწყვეტა, ეს არის პაუზა“. წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების აღსრულება ტრამპმა თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს დაავალა.

„პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ ის მშვიდობაზეა ფოკუსირებული. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნის ერთგულნი იყვნენ. ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი ხელს უწყობს გადაწყვეტას“, - ციტირებს CNN-ი თეთრ სახლში საკუთარ წყაროს.

თეთრ სახლს იარაღის მიწოდების შეჩერებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

CNN-ი დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ შესაძლოა შეინარჩუნოს ბრძოლის მიმდინარე ტემპი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ზაფხულის დაწყებამდე.

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 28 თებერვალს, პრესის თანდასწრებით, მათ ზელენსკი აშშ-ის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულეს და სთხოვდნენ, მადლობა ეთქვა მიღებული დახმარებისთვის. მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის.

ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა, რომ მის ქვეყანას „მეტი სჭირდება, ვიდრე უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა“, რადგან პუტინმა ზავი „25-ჯერ დაარღვია“. სიტყვიერი დაპირისპირების გამო მხარეებმა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი აღარ მოაწერეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პრეზიდენტ ზელენსკის საჯაროდ მოუწოდა ბოდიშის მოხდისკენ.

დახმარების შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე, ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წიაღისეულზე შეთანხმების გაფორმება უსაფრთხოების გარანტია იქნებოდა უკრაინისთვის.

„თუ შენ გინდა რეალური უსაფრთხოების გარანტიები, თუ რალურად გინდა იმის უზრუნველტოფა, რომ ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ არ შეიჭრას უკრაინაში, საუკეთესო უსაფრთხოების გარანტია უკრაინის მომავალში ამერიკელებისთვის ეკონომიკური წინსვლის მიცემაა. ეს უკეთესი უსაფრთხოების გარანტიაა, ვიდრე 20 ათასი ჯარისკაცი რომელიმე შემთხვევითი ქვეყნიდან, რომელსაც 30 ან 40 წელია, ომი არუწარმოებია“, - განაცხადა ვენსმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.