ტროტუარებზე პროტესტის აკრძალვა - მოსამართლე კვერენჩხილაძემ სადავო ნორმების შეჩერება მოითხოვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო კახა წიქარიშვილის, ზურაბ ცეცხლაძისა და სხვა მოქალაქეების კონსტიტუციური სარჩელები, რომლებიც ტროტუარებზე პროტესტისა და შეკრების აკრძალვას ასაჩივრებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოსარჩელეები ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შემდეგი ნორმების მოქმედების შეჩერებას ითხოვდნენ:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მე-10 ნაწილი (რომელიც ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნასა და სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას კრძალავს და 15-დღემდე, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში, 20-დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილი (რომელიც იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

სარჩელებს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ვასილ როინიშვილის, ევა გოცირიძის, გიორგი თევდორაშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის შემადგენლობით განიხილავს. კოლეგიის უმრავლესობამ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას მხარი არ დაუჭირა. ერთადერთი მოსამართლე, რომელმაც უმრავლესობის პოზიცია არ გაიზიარა და განსხვავებული აზრი წარადგინა, გიორგი კვერენჩხილაძეა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები ქმნის გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალურ საფრთხეს, რადგან პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი სასჯელის შიში მოქალაქეებს აიძულებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე უარი თქვან.

კვერენჩხილაძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც თავისუფლების აღკვეთა ავტომატურად არ მიიჩნევა გამოუსწორებელ ზიანად, მექანიკურად არ უნდა გავრცელებულიყო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების საქმეებზე:

„უფლებები არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდის მიერ საკუთარი შეხედულებების აბსტრაქტულ ან მომავალში გამოხატვის შესაძლებლობას, არამედ მათი კონსტიტუციური ღირებულება, არსებითად, სწორედ კონკრეტულ დროს, ადგილსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტექსტში განხორციელების შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული.

ამ გარემოებათა ერთობლიობა განსაზღვრავს, მათ შორის, პოლიტიკური პროტესტის, საჯარო დისკუსიისა და კოლექტიური გამოხატვის რეალურ მნიშვნელობას. შესაბამისად, თუ პირს ადმინისტრაციული პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის საფრთხე განგრძობითად აიძულებს, უარი თქვას კონკრეტულ შეკრებაში მონაწილეობაზე ან საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვაზე, აღნიშნული შესაძლებლობა შემდგომ ვეღარ აღდგება.

მოგვიანებით ჩატარებული შეკრება ან იმავე საკითხზე სხვა დროს გამოხატული პოზიცია ვერ ჩაანაცვლებს კონკრეტულ საზოგადოებრივ მოვლენაზე, სახელმწიფო გადაწყვეტილებასა თუ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე დროული რეაგირების შესაძლებლობას.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმები პასუხისმგებლობის სახით საპატიმრო სანქციებს/სასჯელებს ითვალისწინებს, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ პირმა, პოტენციური სანქციის თავიდან აცილების მიზნით, აბსოლუტურად თავი შეიკავოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობისგან, ხოლო ამგვარი თავშეკავებით დაკარგული შესაძლებლობა, თავისი დროითი და კონტექსტური სპეციფიკის გამო, შემდგომი სამართლებრივი საშუალებებით სრულად ვეღარ აღდგება. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ სადავო ნორმები წარმოშობს გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხეს მოსარჩელისა და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებისათვის“.

„ჩემი კოლეგების პოზიციის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ასეთი სანქციის არსებობა, იმავდროულად, ვერ იქნება განხილული, როგორც ინდივიდზე ზემოქმედების უბრალო ან უმნიშვნელო ფორმა. თავისუფლების აღკვეთის საფრთხე ობიექტურად ქმნის სერიოზულ რისკს, რათა პირმა საერთოდ შეიკავოს თავი შესაბამის შეკრებაში მონაწილეობისა თუ საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვისაგან. ამდენად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქციის სიმკაცრე არა მხოლოდ ქმედების გასაკიცხაობის ხარისხზე მიუთითებს, არამედ იმ „მსუსხავი ეფექტის“ ინტენსივობაზეც, რომელიც მას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების განხორციელებაზე შეიძლება ჰქონდეს.

ხაზგასასმელია, რომ საპატიმრო სასჯელის/სანქციის რისკი, როგორც პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ფორმა, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების სფეროში, არ შემოიფარგლება უკვე ჩადენილ ქმედებაზე სახელმწიფოს ex post facto რეაგირებით, არამედ წინასწარვე ზღუდავს აღნიშნული უფლებების თავისუფალ განხორციელებას, აიძულებს ინდივიდს უარი თქვას შეკრებაში მონაწილეობაზე, შეცვალოს საკუთარი ქცევა ან თავი შეიკავოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვისაგან“, - წერს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე.

განსხვავებულ აზრში ასევე ხაზგასმულია, რომ სადავო ნორმებით დასჯადი ქმედებები არ არის დაკავშირებული ძალადობასთან, სიცოცხლის ხელყოფასთან ან კონსტიტუციური წესრიგის დამხობის საფრთხესთან.

მოსამართლე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, მშვიდობიანი დემონსტრაცია პრინციპულად არ უნდა ექვემდებარებოდეს თავისუფლების აღკვეთის საფრთხეს, ხოლო ასეთი მკაცრი სანქციების გამოყენება მხოლოდ უკიდურეს, ძალადობრივ შემთხვევებშია დასაშვები.

კვერენჩხილაძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაადგილების დროებითი შეფერხება შესაძლოა მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული (საგზაო წესების დარღვევა, კომერციული თუ სამშენებლო საქმიანობა), რა დროსაც სახელმწიფოს არასდროს უცდია პატიმრობის გამოყენება. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ ხდება მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის უალტერნატივოდ გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებმა ტროტუარზე პროტესტთან დაკავშირებული საქმეების წარმოება 2025 წლის დეკემბერში დაიწყეს. 2026 წლის იანვრიდან მოყოლებული კი პარლამენტის წინ ტროტუარზე პროტესტის გამოხატვისთვის ათობით დემონსტრანტს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.