წულუკიანი და სუბარი უხელმძღვანელებენ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ თეა წულუკიანი, ხოლო კომისიის მდივნად - სოზარ სუბარი აირჩიეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

წულუკიანისა და სუბარის კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს კომისიის პირველ სხდომაზე, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტში დღეს, 13 ტებერვალს გაიმართა. თეა წულუკიანმა საპარლამენტო უმრავლესობას და „ოპოზიციურ ჯგუფებს“ მადლობა გადაუხადა მისთვის გამოცხადებული „ძალიან მაღალი ნდობისთვის“.  

„ამ კომისიის საქმიანობის მთავარი შედეგი უნდა იყოს დასკვნა, რომელსაც, გთავაზობთ უკვე დღეიდან ასეთი თვალით შევხედოთ: ბევრჯერ გვითქვამს, რომ დრო გადის, ახალგაზრდები სრულწლოვანდებიან, ჩნდება ახალი თაობა და არაერთ ჩვენგანს უკვე შეგვხვედრია მოქალაქე, ქართველი, სრწულწლოვანი, რომელიც 12 წლის წინ იყო სრულიად პატარა და მან მან არ იცის, რასაც უყვები. ჰგონია, რომ ზღაპრის რომელიმე წიგნში წაიკითხე და რაღაც ბოროტ ზღაპარს უყვები.

ჩვენი მიზანი ამ დასკვნით უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება. ამიტომ მეთოდი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული მუშაობა და არა რაღაც შეფასებითი... პოლიტიკურად ვინ მიყვარს და ვინ არ მიყვარს - ამაზე არ არის საუბარი, ეს უნდა გადავდო მე გვერდზე, ისევე, როგორც თქვენ და ჩვენ ფაქტებზე დაფუძნებულად უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება. ნებისმიერი ახალგაზრდა თუ მომავალი ახალგაზრდა, სრულწლოვანი გადაშლის, 30, 40, 50 და მეტი წლის შემდეგ ჩაიხედავს და ეცოდინება, ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში. ეს არის მთავარი“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კომისიას საქმიანობის ნულიდან არ იწყებს, არამედ არაერთ მნიშვნელოვან საქმეზე არსებობს ქართული სასამართლოების მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელსაც „რეჟიმის შესაფასებლად“ დაეყრდნობიან.

„ასევე, ჩვენ დავეყრდნობით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ასეთიც არაერთი არსებობს და გამოვიყენებთ ამ მასალას როგორც უკვე შემდგარ ფაქტს. [...] როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით და ვებრძოდით იმ რეჟიმს, რომელიც უნდა შევაფასოთ, მაშინ, ვინაიდან სასამართლო იყო დაქვემდებარებული იუსტიციის მინისტრს, ხალხმა და დარგის სპეციალისტება შექმნეს სახალხო სასამართლო და ის საქმე დაიწყეს, რის დაწყებასაც დღეს ჩვენ ვცდილობთ. ამას ერქვა „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“. მას ხელმძღვანელობდა დიდი პედაგოგი, დიდი იურისტი, გამოჩენილი მეცნიერი მინდია უგრეხელიძე. ეს მასალები დაარქივებულია. ერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელზეც შემდეგ ვიმსჯელებთ, სწორედ „ხალხი ასამართლებს ხელისუფლების“ ფარგლებში გამოიკვეთა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შემდეგ ვეღარ გამოიკვეთებოდა, რადგან დრო ყოველთვის გამოძიების წინააღმდეგ მუშაობს. ჩვენ შევძლებთ, თუ თქვენი სურვილი იქნება, მივმართოთ შესაბამის პირებს და საარქივო მასალები, მათ შორის აუდიოჩანაწერები არსებობს, გამოვითხოვოთ“, - განაცხადა წულუკიანმა. 

 „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 10-წევრიანი საგამოძიებო კომისია 8 ე.წ. დეპუტატით დააკომპლექტა და მისი შემადგენლობა ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ - თეა წულუკიანი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
  • პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“: სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი;
  • პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოცილისტები“: ილია ინჯია.

კომისიაში ორი ადგილი ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიისთვის არის განსაზღვრული, თუმცა, „საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მის საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

დროებითი საგამოძიებო კომისია 3 თვის ვადით შეიქმნა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომისიის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით, მაგრამ საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“ 5 თებერვალს შეიქმნა. როგორც ე.წ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კომისია „დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება, ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება, ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ“. „ქართული ოცნება“ აპირებს, კომისიის დასკვნა პროკურატურას წარუდგინოს, როგორც მდინარაძემ თქვა, „დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.