„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტშია შექმნილი, რიგით მეოთხე სხდომაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე ეხება შპს „მაგნატის“ საქმის განხილვას. სხდომაზე მიწვეული არიან კომპანიის მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე და მისი ადვოკატი როინ მიგრიაულიც. სხდომა ხვალ, 25 მარტს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.
კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, „თიბისი ბაკის“ დამფუძნებელები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების „უსამართლობის შემადგენელი ნაწილი იყვნენ“.
„ეს ვლინდება ძალიან ბევრ საქმეში, როცა ხელისუფლება მათი მეშვეობით ადამიანებს ატერორებდა, ადამიანებს ართმევდა ბიზნესს და შემდეგ ეს ბიზნესები ზოგჯერ რჩებოდა ხაზარაძე-ჯაფარიძის ხელში, ზოგჯერ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კეზერაშვილის ხელში აღმოჩნდებოდა ხოლმე საბოლოოდ. იკვეთება, რომ არსებობდა ერთიანი, კარგად შემუშავებული სქემა, სადაც ხელისუფლების ხელში იარაღს წარმოადგენდა ეს ორი ადამიანი“, - უთხრა სუბარმა სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეარხ „იმედს“.
არსებული ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, 350-ე მუხლით კი დასჯადია კომისიისათვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა.
რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო და შედეგად, დროებით საგამოძიებო კომისიას, თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, შეუძლია შესაბამისი ორგანოს წინაშე გამოძიების დაწყების საკითხი დასვას, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება.
„ძლიერი საქართველო“, ისევე როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული დანარჩენი სამი პოლიტიკური გაერთიანება და პარტია, „ქართული ოცნების“ პარლამენტს ლეგიტიმურად არ ცნობს.
