საქართველოს პროკურატურამ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ბრალი წარუდგინა. მას „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას“ ედავებიან, რაც ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 6 საიამ არჩევნებზე ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
პროკურატურის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
„მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძეს კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით შესაბამისი დოკუმენტი 22 მარტს გადაეცა და მისთვის ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადების ვალდებულების თაობაზე, ასევე გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, იგი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რამაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვია“, - განაცხადეს პროკურატურაში.
მამუკა ხაზარაძე პარლამენტს და მის მიერ შექმნილ კომისიას არალეგიტიმურად მიიჩნევს. როგორც ის ამბობს, კომისია თავისი საქმიანობით „დისკრედიტაციას უკეთებს ჩვენს ქვეყენას, მის ეროვნულ ინტერესებს, დაღუპულ სამხედროებსა და ეროვნულ გმირებს“.
„იმ საკითხზე, რომელიც ვითომდა აინტერესებს კომისიას, რომელიც სინამდვილეში დაკავებულია იმით, რომ მოახდინოს ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაცია, კერძოდ, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის, ჩვენი თანაგუნდელების, ნებისმიერ სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაშია, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.
პროკურატურა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს, სავარაუდოდ, 2 აპრილს მიმართავს.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ უარი თქვეს „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე. 24 მარტს, რიგით მეოთხე სხდომაზე, კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, შპს „მაგნატის“ საქმე განიხილა. ხაზარაძის თქმით, კომპანიის დამფუძნებელ ჯემალ ლეონიძესთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. ხაზარაძისა და ჯაფარიძის გამოუცხადებლობის შემდეგ კომისიამ მათი საქმეები პროკურატურას გადასცა.
