თურქეთის პარლამენტის წევრებმა ოკუპირებული აფხაზეთის „იზოლაციის დასრულება“ მოითხოვეს

თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან პირდაპირი მიმოსვლა და აფხაზური პასპორტების აღიარება მოითხოვეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და ოფიციალური ანკარა აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებს, თურქმა კანონმდებლებმა ოკუპირებული რეგიონისადმი დაწესებული შეზღუდვები „ადამიანის უფლებების დარღვევად“ შეაფასეს.

პრესკონფერენცია, რომელიც 5 აგვისტოს აფხაზური დიასპორის მიერ გააქტიურებული კამპანიის („დასრულდეს აფხაზეთის იზოლაცია“) ფარგლებში გაიმართა, თურქეთის მუშათა პარტიის (TİP) სტამბოლის დეპუტატმა, აჰმეთ შიქმა გახსნა. მას ესწრებოდნენ ხალხთა თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის (DEM), შრომის პარტიის (EMEP), დემოკრატიისა და განვითარების პარტიისა (DEVA Partisi) და პარტია „ახალი გზის“ (Yeni Yol) წარმომადგენლები. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თურქეთის საპარლამენტო დონეზე, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან, ერთობლივად გაჟღერდა მსგავსი მოწოდება.

აჰმეთ შიქმა განცხადებაში ყურადღება გაამახვილა თურქეთსა და აფხაზეთს შორის არსებულ ისტორიულ, სოციალურ და ოჯახურ კავშირებზე. ტექსტში მოხსენიებულია მე-19 საუკუნის მუჰაჯირობის საკითხი და აღინიშნა, რომ დღეს თურქეთში უფრო მეტი აფხაზი ცხოვრობს, ვიდრე თავად აფხაზეთში.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და იქ ქართველთა ეთნიკური წმენდა განხორციელდა, დეპუტატების განცხადებაში მოვლენები სრულიად განსხვავებული რაკურსით იყო წარმოჩენილი. კერძოდ, ტექსტში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთმა „წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს მხრიდან ოკუპაციის მცდელობას“ და 1993 წელს ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა, „თუმცა იგი იზოლაციის პოლიტიკის სამიზნე გახდა“.

„ამიტომ აფხაზეთი იზოლირებულ მდგომარეობაშია. ამ იზოლაციის პოლიტიკის ერთ-ერთი გამტარებელი ჩვენი ქვეყანა - თურქეთია. იმდენად, რომ თურქეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი მიმოსვლა, რომელიც ომის შემდეგ სამი წელი გრძელდებოდა, 30 წელია შეწყვეტილია. აფხაზური პასპორტები გაუქმებულია, ხოლო ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები თავის რეალურ პოტენციალს ბევრად ჩამორჩება“, - განაცხადა აჰმეთ შიქმა.

მან განმარტა, რომ პირადობის მოწმობისა და პასპორტის წმინდად პოლიტიკური მიზეზების გამო ბათილად ცნობა არღვევს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გარანტირებულ თავისუფალი გადაადგილების უფლებას.

პრესკონფერენციის მონაწილეებმა თურქეთის მთავრობას ორი ძირითადი მოთხოვნით მიმართეს:

ე.წ. აფხაზური პასპორტების აღიარება თურქეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, როგორც მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის; პირდაპირი საზღვაო-საჰაერო მიმოსვლის დაუყოვნებლივ დაწყება თურქეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში.

სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო ფრაქცია „ახალი გზის“ თავმჯდომარის მოადგილე სელჩუკ ოზდაღიც. მან ხაზი გაუსვა, რომ არ აყენებს ეჭვქვეშ ანკარის ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა პოლიტიკური აღიარებისა და ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნას მოითხოვს.

„თურქეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს... მაგრამ სახელმწიფოს სტატუსის უარყოფა და იქ მცხოვრები ხალხის იგნორირება ერთი და იგივე არ არის“, - თქვა მან და დასძინა, რომ აფხაზეთში დაბადებულ ახალგაზრდას არ უნდა წაერთვას თურქეთში უნივერსიტეტში სწავლის, ხოლო ავადმყოფს, სამკურნალოდ ჩასვლის შესაძლებლობა არააღიარებული პასპორტის გამო.

ოზდაღმა საზღვაო მიმოსვლის პოტენციურ მარშრუტებად ტრაბზონი-სოხუმისა და სამსუნი-სოხუმის ხაზები დაასახელა და მოითხოვა სოხუმსა და თურქეთს შორის რეგულარული სამოქალაქო ავიარეისების ამოქმედების შესაძლებლობების განხილვაც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.