რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი მიიჩნევს, რომ ხაზინის დეპარტამენტი უნდა დაინტერესდეს „ქართული ოცნების“ მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის, თამარ ტალიაშვილის ქმრის საქმიანობით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 2 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 3 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, კამიტის შესაძლო გამოყენება გამოიძიონ
- 6 პროკურატურამ ყვარლის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინა
„აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, არსებული ცნობებით, რუსეთს ეხმარება თავი აარიდოს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც მიზნად ისახავს პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტებას. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და მე მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას“, – წერს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე.
კონგრესმენმა ამ განცხადების ქვეშ გააზიარა გამოცემა OC Media-ს სტატია, რომლის მიხედვითაც, თამარ ტალიაშვილის ქმარს, დავით კუხალაშვილს მოსკოვში იურიდიული ფირმა აქვს და ის ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქცირებულ რუსულ ბიზნესს ეხმარება.
საუბარია 2014 წელს დაფუძნებულ DTK Partners-ზე, რომლის მფლობელიც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე დავით კუხალაშვილია. OC Media წერს, რომ DTK Partners-ი კუხალაშვილმა დააფუძნა და მის მფლობელად რჩებოდა 2025 წლამდე. მისი პროფილი კომპანიის ვებსაიტიდან წაშალეს, თუმცა, საიტის დაარქივებულ ვერსიებში ის მმართველ დირექტორად 17 ივლისამდეა მითითებული.
DTK Partners კლიენტებს დასავლეთის იურისდიქციებში გაყინული აქტივების განბლოკვაში დახმარებას სთავაზობს. OC Media-ის ისტატიის მიხედვით, საიტის არქივირებული ვერსიები მიუთითებს, რომ კუხალაშვილი თავად ამზადებდა მიმართვებს ევროკავშირისა და აშშ-ის ორგანოებისთვის კლიენტების სახელით, რომელთა შორის იყო აშშ-ის მიერ სანქცირებული ბანკი „სანქტ-პეტერბურგი“ და ევროკავშირის მიერ სანქცირებული „ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი“.
„ქართულმა ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
თამარ ტალიაშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩია 2025 წლის ივლისიდან. მანამდე, სამი წლის განმავლობაში, ის ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა.
ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნამდე, პარლამენტის წევრის რანგში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში, თამარ ტალიაშვილი მიუთითებდა, რომ მის ქმარს რუსეთში, „ალფა ბანკსა“ და „როსბანკში“ ასობით ათასი დოლარის ანაბარი ჰქონდა. გარდა ამისა, კუხალაშვილის საკუთრებაში იყო 2011 წელს 12 500 000 რუბლად ნაყიდი ბინა მოსკოვში. ეს ჩანაწერები ტალიაშვილის მიერ წარდგენილ ბოლო დეკლარაციაში აღარ ჩანს.
