უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში რუსეთის „ჯარების გაერთიანებული ჯგუფის“ მეთაურად გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნა. სერგეი სუროვიკინი მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში ტაჯიკეთში, ჩეჩნეთის მეორე ომში და სამხედრო ოპერაციაში სირიაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
სერგეი სუროვიკინს არმიის გენერლის წოდება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულის წლის აგვისტოში მიანიჭა. 2017 წელს ის მეთაურობდა რუსული ჯარების დაჯგუფებას სირიაში, სადაც, რუსული პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, თანამებრძოლებმა „არმაგედონი“ შეარქვეს - არასტანდარტული და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების უნარის გამო. იმავე წელს, ის რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი გახდა და რუსეთის გმირის წოდება მიიღო. სერგეი სუროვიკინი მსახურობდა სპეცდანიშნულების რაზმებში, მათ შორის ავღანეთში. არის ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა სუროვიკინს სანქციები დაუწესა. ივნისში, როდესაც სერგეი სუროვიკინი „სამხრეთის“ მეთაურად დაინიშნა, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა წერდა, რომ მისი 30-წლიანი კარიერა კორუფციისა და სისასტიკის შესახებ ბრალდებებით არის სავსე.
სუროვიკინის დანიშვნას ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სიხარულით შეხვდა. როგორც ის Telegram-ში წერს, 15 წელია გენერალს კარგად იცნობს:
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ნამდვილი გენერალი და მეომარია. გამოცდილი, ძლიერი ნებისყოფის და შორსმჭვრეტელი მეთაური, რომლისთვისაც ისეთი ცნებები, როგორიცაა პატრიოტიზმი, პატივი და ღირსება, ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას.
ჯარების გაერთიანებული ჯგუფი ახლა სანდო ხელშია. დარწმუნებული ვარ, რომ სერგეი სუროვიკინი უკეთესობისკენ შეცვლის ვითარებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავეხმარებით მას ამოცანების გადაჭრაში“.
უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის დანიშვნის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად, 19-კილომეტრიანი კონსტრუქციის ნაწილი ჩაინგრა, დაიღუპა სამი ადამიანი. უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია იყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალები სექტემბრიდან კონტრშეტევაზე გადავიდნენ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებენ. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში „რუსული ფსევდო-რეფერენდუმისგან“ გაათავისუფლეს 776 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 29 დასახლებული პუნქტი, მათ შორის 6 ლუგანსკის ოლქში. ზელენსკის თქმით, საერთო ჯამში, შეტევითი ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის მიწის 2434 კვადრატული კილომეტრი და 96 დასახლებული პუნქტია დაბრუნებული.