„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელი უწოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ გადაწყვეტილებას საქართველოს ელჩს მიერ კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციების გამართვის მიზნით თბილისში დაბრუნების შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„მე არ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში, მაგრამ, ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ, როგორც თავად აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ჩართული იყვნენ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როდესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს. თუმცა, ამაზე ღრმად, არ მინდა, შევიდე ამ თემაში.
ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, თებერვლის შემდეგ პირველად, საკუთარ სასამართლო პროცესზე 3 ივლისს გამოჩნდა. ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ის კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დღის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოხატოს მკაცრი პროტესტი და სთხოვოს მას, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, თბილისში კონსულტაციების გასამართად.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს ვითარება, არ მოახდინონ იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს ადამიანის სიკვდილით დასჯის უფლება, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.